მამუკა ბახტაძემ სერბეთის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანა ბრნაბიჩს შეხვდა.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე – ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, რისთვისაც მხარეებმა მზადყოფნა დაადასტურეს.
მთავრობის მეთაურმა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და სერბ კოლეგას „ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ინსტიტუციების განვითარების, გამჭვირვალობისა და მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმების კუთხით რეგიონში ლიდერია. პრემიერის თქმით, საქართველოს ასევე წამყვან რეფორმატორ ქვეყნად აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის გათვლებით ქვეყანა ეკონომიკური ზრდის კუთხითაც მოწინავე გახდება.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობას. კერძოდ, სერბეთი საგადასახადო სისტემის გამარტივების კუთხით საქართველოს გამოცდილებას ეცნობა.
ქართველ კოლეგას ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები და „ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტის მასპინძლობა მიულოცა სერბეთის პრემიერ-მინისტრმა და საქართველო-სერბეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების იმედი გამოთქვა.
„ბევრი მსმენია საქართველოს და თბილისის შესახებ და მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. სასიამოვნოა, რომ ვარ სერბეთის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოს ეწვია. „ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ აგრეთვე გაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ძალიან კარგი მაჩვენებლები და მინდა, მოგილოცოთ”, – მიმართა სერბეთის პრემიერმა მამუკა ბახტაძეს.
საქართველოსა და სერბეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები