თამარ ჩუგოშვილი: ვფიქრობ, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველო კომპრომისებზე არ წავა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე კომპრომისებზე არ წავა.

„ამაში განსაკუთრებული სიახლე არაფერი არ არის. რუსეთს რომ არ უნდა საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება, არავისთვის საიდუმლო არ არის, ყველამ ვიცით, რომ რუსეთი არის ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის მთავარი მოწინააღმდეგე. ეს რომ ასე არ იყოს, ჩვენ უკვე ვიქნებოდით ალიანსის წევრი, მე ამისი მჯერა. რუსეთი ისევ და ისევ აფიქსირებს იმ პოზიციას, რაც მას ყოველთვის ჰქონდა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და ძლიერი და პრინციპული პოზიციის შენარჩუნება, იმიტომ რომ საქართველოსაც და უკრაინასაც იმისთვის, რომ უსაფრთხოების გამოწვევებს გავუმკლავდეთ, რაც მოდის რუსეთიდან თუ სხვა მხრიდან, ყველაზე კარგი საშუალება არის ნატო-ს წევრობა. მე ვფიქრობ, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე საქართველო არანაირ კომპრომისებზე არ წავა. ბუნებრივია, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას, რომ მათი მხრიდანაც არანაირი კომპრომისი არ იყოს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები