თეა წულუკიანი ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტის სტუმრებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციები თბილისში 16 ივლისიდან იმყოფებიან, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა. სტუმრებს იუსტიციის სამინისტრო მასპინძლობს როგორც ღია მმართველობის პროცესის წარმმართველი უწყება. „OGP“-ის ფორმატში გამართულ ღონისძიებებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, მმართველ კომიტეტში კი, საქართველოს წარმომადგენელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია.
კანადელი სტუმრების შემდეგ იუსტიციის მინისტრი ანტიგუა და ბარბუდას დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრი გასტონ ბრაუნი ხელმძღვანელობს. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა მათ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტში მონაწილეობისთვის და ისაუბრა იმ საქმიანობაზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს „OGP“-ის ფორმატში.
ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს მის ქვეყანასთან აქვს უვიზო რეჟიმი, რაც საშუალებას აძლევს ქვეყნებს, მეტი გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს. გასტონ ბრაუნმა თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა ღია და ტრანსპარენტული მმართველობისთვის, საჯარო და ელექტრონული მომსახურების სფეროში გამოცდილების გაზიარებისთვის.
„2014 წელს საქართველო იყო „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრი; მოგვიანებით, 2016 წელს, ვიყავით პარტნიორობის თანათავმჯდომარე ქვეყანა, ახლა საქართველო არის „OGP“-ის თავმჯდომარე და გვაქვს პატივი, ვუმასპინძლოთ „OGP“-ის მეხუთე გლობალურ სამიტს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანმა ანტიგუა და ბარბუდას დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია ღია მმართველობის ფორმატში საქართველოს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიულ მიზნებზე; ესენია: თანამშრომლობის ჩამოყალიბება და მოქალაქეთა ჩართულობა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; ინოვაციები სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში; უკეთესი პარტნიორობის შექმნა.
წულუკიანმა მზადყოფნა გამოთქვა, გაუზიაროს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს საქართველოს გამოცდილება ინოვაციების სფეროში და გაითვალისწინოს პარტნიორი ქვეყნების წარმატებული მაგალითები.
„ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრი იმყოფება საქართველოში გლობალურ სამიტზე დასასწრებად. ჩვენ შევთანხმდით, რომ, მისი ინტერესის შესაბამისად, შემოდგომაზე იუსტიციის სამინისტრო სამ თანამშრომელს უმასპინძლებს 2-3 თვით, რათა ანტიგუა და ბარბუდას სახელმწიფოს სამმა საჯარო მოხელემ ტრენინგები გაიაროს იუსტიციის სამინისტროში პასპორტების გაცემის, დაბადების რეგისტრაციის და უძრავი ქონების რეესტრის მართვის სფეროში. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ანტიგუა და ბარბუდასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საჯარო სერვისები, მათ შორის, სოფლად, გაიცემოდეს ისევე ეფექტურად, როგორც ეს ხდება საქართველოში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრი საქართველოში იუსტიციის მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა. თეა წულუკიანი 2018 წლის 15 იანვარს სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა ანტიგუა და ბარბუდაში, სადაც კარიბის ზღვის რეგიონის მაღალი დონის სამიტში მიიღო მონაწილეობა. იუსტიციის მინისტრი სამიტზე − „21-ე საუკუნის მმართველობა“ − სიტყვით გამოვიდა და ქართული რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართა. თეა წულუკიანმა მასპინძელი ქვეყნის პრემიერი სწორედ მაშინ მოიწვია „OGP“-ის მე-5 გლობალურ სამიტზე. საქართველო კარიბის ზღვის ქვეყნებს ელექტრონული მმართველობის დანერგვაში დახმარებას უწევს.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მიღწევებსა და გამოწვევებზე მსჯელობა ხვალიდან გლობალური სამიტის ფარგლებში გაგრძელდება. 2 დღის განმავლობაში 70-ზე მეტი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები, მთავრობები, მინისტრები, საჯარო მოხელეები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ფონდები, მკვლევრები, აკადემიური წრეები და ჟურნალისტები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მიღწევებსა და გამოწვევებზე 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები