მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები – ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას

0

„ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები; პირველი აგვისტოდან შესაბამისი სამინისტრო იწყებს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც იმედს მაძლევს, რომ ეს პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერმა ამ ძალიან მძიმე წუთებში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
„დღეს საქართველოში გლოვის დღე გვაქვს, ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ ტყიბულში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა შახტი დაიხურება. ადამიანის და მოქალაქის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას. ეს შახტები დაიხურება მანამ, ვიდრე სრულფასოვნად არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი ძიება, ასევე – საერთაშორისო ტექნიკური ექსპერტიზა ამ შახტების მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ამასთან ერთად, აუცილებლად დავადგენთ, შეასრულა თუ არა კომპანიამ აქამდე გაცემული რეკომენდაციები. ამ მიმართულებით, შესაბამისი დავალებები მიცემული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლებსაც ისინი აუცილებლად შეასრულებენ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს კომპანიასთან და შახტში დასაქმებული ადამიანები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ.
„ეს იქნება ყველანაირი წყაროდან, როგორც კომპანიის, ასევე – სხვა, მაგრამ რაც მთავარია, ისინი აუცილებლად მიიღებენ სახელფასო შემოსავალს. ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ეს უნდა ეხებოდეს ყველა სფეროს, ადამიანის უფლებებით დაწყებული, მომხმარებელთა უფლებების დაცვით, მათ შორის, რა თქმა უნდა შრომის პირობებით დასრულებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს სტანდარტი საქართველოში აუცილებლად უნდა დავამკვიდროთ. რაც შეეხება შრომის დაცვის სტანდარტებს, აქ ჩვენ უნდა გვქონდეს მოთხოვნა, დავაკმაყოფილოთ ევროპული სტანდარტი. ეს ბევრ საწარმოში, თქვენ ჩემზე უკეთ იცით, არ იყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება. როდესაც ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, ამაზე მაღლა არაფერი დგას. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი სტანდარტები, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. 1-ლი აგვისტოდან პროფილური სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს იწყებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ერთ დღეში შეიძლება შევცვალოთ ის ძალიან მძიმე სტატუს-კვო რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, მაგრამ ამის დაწყება და პრინციპული გატარება მნიშვნელოვანია, რასაც ევროპელი დონორების მხარდაჭერით აუცილებლად გავაკეთებთ”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი