დავით სერგეენკო: შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

0

„შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დამწვრობის ცენტრში, შახტაში დაშავებული მეშახტეების მონახულების შემდეგ განაცხადა.
ტყიბულიდან თბილისში კიდევ 4 პაციენტს გადმოიყვანენ.
“დაზიანებები 6-მა პაციენტმა მიიღო, ერთი იქვე გაეწერა ბინაზე. 5 პაციენტი თბილისში გადმოდის, ერთი უკვე მიღებულია 50%-იანი დამწვრობით. მეორე პაციენტიც მალე შემოვა. პაციენტების უმეტესობას მიღებული აქვს დამწვრობა, ერთი არის ტრავმული, რომელიც სხვა კლინიკაში შევა”, – განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის ინფორმაციით, ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია და მათ ინტენსიური ჩარევა სჭირდებათ.
“ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ, დანარჩენები, საბედნიეროდ, საშუალო სიმძიმის არიან. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინონ. ორ პაციენტს დიდი ფართობის დამწვრობა აქვს და ძალიან რთულია პროგნოზირება, მათ ინტენსიური მკურნალობა და ჩარევა სჭირდებათ”, – განაცხადა სერგეენკომ.
დამწვრობის ცენტრში მოთავსებული პაციენტის შესახებ ისაუბრა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემაც.
“ჩვენთან შემოვიდა 30 წლის მამაკაცი, რომელმაც შახტში მიიღო დაზიანება. დამწვარი აქვს თავი, მტევნები, წინა მხრები და ქვემო კიდურებზე მცირე უბნები. ასევე აღენიშნება სასუნთქი გზების თერმული ინჰალაციური დაზიანება, დამწვრობითი შოკი. მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განაცხადა ქაშიბაძემ.
მინდელის შახტში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი