„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს „GWP–ს თანხმობა გასცეს 2008 წლის მაისში წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გასაჯაროებაზე

0

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს” შორის 2008 წლის 14 მაისს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ როგორც საქართველოს მთავრობა, აგრეთვე თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წინასწარი თანხმობის გარეშე, არათუ ხელშეკრულების გასაჯაროებას ახდენს, არამედ წილის ნასყიდობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის დოკუმენტურ გაცემაზე უარს აცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის იურისტმა ია გოგნაძემ განაცხადა.
გოგნაძის განცხადებით, ორგანიზაციამ შესწავლის ფარგლებში, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყლის მფლობელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ-ის“ წარმომავლობისა და საქმიანობის მიმოხილვა განახორციელა, რომელიც მოკლებულია გამჭვირვალობას და საჯაროობას და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, არის თუ არა „GWP“ რუსული ინტერესები ქართულ ეკონომიკაში.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს წყალმომარაგების სექტორში, რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიის საქართველოში გამოჩენა 2008 წლის მაისიდან, აგვისტოს ომამდე, რამდენიმე თვით ადრე იწყება. მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სწორედ 2008 წლის 14 მაისს „თბილისის წყალი“, „რუსთავწყალკანალი“, „მცხეთაწყალკანალი“ და „საქწყალკანალი“ მიჰყიდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ შპს „მალთიფლექს ენერჯი ლიმიტედს“. დადებული დღემდე გასაიდუმლოებული ხელშეკრულების წილის ნასყიდობის საფასურმა შეადგინა, მთლიანობაში 80 011 208 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. კომპანიის გენერალური დირექტორი გახდა რუსეთის მოქალაქე იური ლესი“, – განაცხადა გოგნაძემ.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რუსული წარმომავლობის კომპანია „GWP – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2014 წელს შეიძინა ს.ს. „საქართველოს ბანკმა“. ერთი ინფორმაციით, ბანკმა კომპანიის წილში გადაიხადა 152 მლნ ლარი, მეორე ვერსიით კი – 287 მლნ ლარი. 2015 წელს ფუძნდება საინვესტიციო კომპანია „ბიჯეო ჯგუფი“, რომელიც უკვე აერთიანებს ს.ს. „საქართველოს ბანკს“, საქართველოს ჯანდაცვის სფეროს, სამშენებლო, ღვინის კომპანიებს, საფთიაქო ქსელს და სხვა მსხვილ კორპორაციებს. „ბიჯეო ჯგუფის“ შემადგენლობაში აღმოჩნდა „GWP – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „მცხეთის წყალი”, „რუსთავის წყალი”, „საგურამოჰესი”, „ჟინვალჰესი” და „ბოდორნაჰესი”. მოგვიანებით, „ბიჯეო ჯგუფს“ ეწოდა „საქართველოს კაპიტალი“.
„ორგანიზაცია, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მოუწოდებს „GWP – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ თანხმობა გასცეს 2008 წლის მაისში წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გასაჯაროებაზე, ვინაიდან გაურკვეველი, გაუგებარი და ვარაუდებითაა მოცული, არის თუ არა კომპანია „GWP – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მისი სახეცვლილი მენეჯმენტის მიუხედავად, კვლავ კავშირში რუსულ ინტერესებთან საქართველოს ეკონომიკაში. აღნიშნული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განიმარტოს და საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს იმის გათვალისწინებით, თუ ვინ წარმოადგენს კომპანია „GWP – „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დღევანდელი დირექტორატის წევრებს და რა ბიოგრაფიული კავშირები იკვეთება რუსულ კომპანიებში საქმიანობაზე“- განაცხადა გოგნაძემ.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებს, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არაკეთილსინდისიერი კომპანიაა, რომელიც არღვევს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებას, რომლითაც დადგენილია სასმელი წყლის მიწოდების წესები.
„შეუსაბამო და გაზრდილი ფინანსური დარიცხვით ხდება სასმელი წყლის ღირებულების დაანგარიშება. ირღვევა საჯარიმო აქტების შედგენის წესი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი