შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ დაჯარიმდა

შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დაჯარიმდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველია შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა –  სემეკის „ელექტრონულ ჟურნალში“ მომხმარებელთა განაცხადების ვადაში დასრულების შესახებ მონაცემების არასწორად ატვირთვა.

“2018 წლის 15 მარტს კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს მოქალაქეებმა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ვადების დარღვევის გამო, მოითხოვეს საფასურის განახევრება, ასევე, ქსელზე მისაერთებელი სამუშაოების დასრულება.  აღნიშნულის თაობაზე, შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ სემეკს აცნობა, რომ კომპანიამ ვერ მოახერხა დადგენილ ვადაში მოქალაქეების კუთვნილი ობიექტების ქსელზე მიერთება. მიუხედავად ამისა, შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ „ელექტრონული ჟურნალის“ ჩანაწერებში მიუთითა სამუშაოების დასრულებაზე,  მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების ფიქტიური აქტის ატვირთვით, მაშინ როდესაც ზემოთ ნახსენები მოქალაქეების კუთვნილი ფართები ჯერ კიდევ არ იყო ქსელზე მიერთებული.

„ელექტრონული ჟურნალი“, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია, სემეკის თანამშრომლების მიერ შეიქმნა და არსებითად განსხვავდება მსოფლიო პრაქტიკისგან. მისი საშუალებით დროის რეალურ რეჟიმში სემეკი მონიტორინგს უწევს მომხმარებლის მიმართვაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი გამანაწილებელი კომპანიების რეაგირების პროცესს – მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტების შესრულებას”,- აცხადებენ სემეკში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები