გურიის რეგიონში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობაზე იმსჯელეს
გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამუშაო ფორმატში განიხილეს მიმდინარე ღონისძიებები, რაზეც დეტალურად ისაუბრა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ. ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით – 12 ათას ჰექტრამდე. ამასთან, მიმდინარეობს სიმინდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი. ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია შეწამვლითი ღონისძიებები საყანე ფართობებშიც.
შეხვედრაზე ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს და ამ ეტაპზე ასევე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა.