,,ჯორჯიან მანგანეზის” თანადგომით, ზესტაფონს აშშ-დან ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იბერიელები” ეწვია
,,ჯორჯიან მანგანეზის” ფინანსური მხარდაჭერით, ზესტაფონს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,იბერიელები” ეწვია და კონცერტი გამართა.
ნიუ- ჯერსის შტატის ქალაქ რონსონში, წმ. გრიგოლ ხანძთელის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებულ ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლ „იბერიელებს“, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტების სურვილით, საფუძველი 5 წლის წინ, ზესტაფონელი გოჩა მაღლაკელიძის ხელმძღვანელობით ჩაეყარა.
ანსამბლის ჩამოსვლის მიზანს, ამერიკაში დაბადებული ქართველი ბავშვებისათვის, ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურული ღირებულებების ადგილზე გაცნობა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, დელეგაცია ათი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით გამართავს კონცერტებს.
,,განსაკუთრებით ემოციურია დღევანდელი დღე ჩემთვის, რადგანაც ზესტაფონი ჩემი მშობლიური ქალაქია. მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის მერს და ,,ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურ მმართველს, ნიკოლოზ ჩიქოვანს. რომ არა მათი კეთილი ნება, დღეს ჩვენ აქ არ ვიქნებოდით”, – განაცხადა გოჩა მაღლაკელიძემ.
ანსამბლს, უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა ,,ზესტაფონმა” და ,,ბერმუხამ” უმასპინძლეს.
გოჩა მაღლაკელიძის თქმით, შესული თანხა ემიგრანტი ბავშვების სახელით ქველმოქმედებას მოხმარდება.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის დაწყების მიზანი იყო, ამ ბავშვების ჩამობრძანება საქართველოში, რომ ენახათ, თუ რა არის შრომის ფასი, რომ ცეკვა არ არის მარტო გართობა.
„ქართველი ემიგრანტების, მშობლების თანადგომით, რომლებიც დელეგაციაში არიან და ესწრებოდნენ ღონისძიებას, ანსამბლი „იბრიელები“ შეიქმნა. თავიდან დავიწყეთ 10 ბავშვიდან, გავიზრდეთ, შევქმენით ის, რაც დღე ვაჩვენეთ ჩვენს საყვარელ ზესტაფონელებს.
ჩემი ოცნება და მიზანი ამ პროექტის დაწყების დროს იყო ის, რომ ეს ბავშვები ჩამობრძანებულიყვნენ საქართველოში, ენახათ, თუ რა არის შრომის ფასი, რომ ცეკვა არ არის მარტო გართობა. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ მოვხვდი ჩემს ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე“.
„ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშებადნობთა ქარხნის დირექტორის მოადგილის წარმოების უზრუნველყოფის დარგში, გოჩა ქურდაძის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის კეთილი ნებაა, რომ აფინანსებს ამ ღირსშესანიშნავ საღამოებს და ჩუქნის ქალაქს.
„დღევანდელი საღამოსთვის დიდი მადლობა მის ორგანიზატორს, დამფინანსებელს, კიდევ ერთხელ ვეუბნები მადლობა ნიკოლოზ ჩიქოვანს და მთლიანად ქალაქის საზოგადოებას, რომელმაც დღეს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისგან დიდი სითბო მიიღეს და სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ ამ ისტორიულ კედლებში კიდევ ერთი ლამაზი დღე გაუთენეს ქალაქს“, – განაცხადა გოჩა ქურდაძემ.
ანსამბლ ,,იბერიელის” მოცეკვავის ნუცა მერაბიშვილის თქმით, ძალიან გახარებულები არიან, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში გასტროლებზე.
მშობელმა დოდო მაღლაკელიძემ კი აღნიშნა, რომ უნდათ, ქართული ტრადიცია არ დაკარგონ და შეინარჩუნონ ქართული წეს-ჩვეულება.
„ვცდილობთ, ჩვენს შვილებს ვასწავლოთ ქართული ენა, ცეკვა, ტრადიცია. გვინდოდა ბავშვები ჩამოგვეყვანა საქართველოში და გაგვეცნო მათთვის ქართული ტრადიციები, კულტურა. რასაკვირველია, ბავშვები ძალიან გახარებულები არიან, რომ ამის შესაძლებლობა მიეცათ“, – განაცხადა დოდო მაღლაკელიძემ.