ხათუნა გოგალაძე ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის იდეას მიესალმება

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, ხათუნა გოგალაძის განცხადებით, რამდენიმე თვის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება არასწორი გადაწყვეტილება იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით გოგალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გოგალაძემ აღნიშნა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის იდეა კარგია.
ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ ის ისურვებდა, გარემოს დაცვის პოლიტიკა და გარემოს დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან უფრო ძლიერი, უფრო მიზანმიმართული და ეფექტიანი იყოს.
„რაც შეეხება ეკოომბუდსმენს, მე ვიტყოდი უფრო გარემოსდაცვით ომბუდსმენს – ეს იდეა არის კარგი დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებით, გამომდინარე იქიდან, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შერწყმა მოხდა ერთ სტრუქტურად რამდენიმე თვის წინ. ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება. როგორც წყალი და ზეთი არ აირევა ერთმანეთში, ასე ეს ორი სტრუქტურა ვერ შეერწყმება ერთმანეთს გამომდინარე თავისი შინაარსობრივი სპეციფიკიდან, იმ მიზნებიდან, რა მიზნებიც აქვს მისაღწევი ცალკე გარემოს დაცვის მიმართულებას და ცალკე სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ორივე არის უმნიშვნელოვანესი, ორივე არის ძალიან პრიორიტეტული, მაგრამ ორივე არის გარკვეულწილად კონფლიქტური მიმართულებები. გარემოს დაცვა არის დაცვაზე ორიენტირებული, დაბინძურების შემცირებაზე ორიენტირებული მიმართულება, მაშინ როცა სოფლის მეურნეობა თავისი ამოცანებიდან გამომდინარე რესურსის მოხმარებაზე და გარკვეულწილად დაბინძურების რისკის შემქმნელი, ეს იქნება პესტიციდები, სასუქები თუ ა. შ.
დიდი იმედი მაქვს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ხელისუფლება მივა ისევ იმ აზრამდე და გადაწყვეტილებამდე, რომ ეს სამინისტროები უნდა იყოს ცალ-ცალკე“- განაცხადა გოგალაძემ.
ცნობისთვის, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ის ქვეყანაში ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას უჭერს მხარს. ბახტაძის შეფასებით, ეს საქართველოს ბუნების შენარჩუნებას ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები