ვახტანგ მაისაია: კრემლს „შავი სია“ დიდი ხანია აქვს, ამ სიაში მეც ვარ შესული

კრემლს „შავი სია“ დიდი ხანია უკვე აქვს, ამ სიაში მეც ვარ შესული, – ამის შესახებ ექსპერტმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაისაია იმ შეფასებებს გამოეხმაურა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა გააკეთეს. კერძოდ, როგორც ცნობილია, ე.წ. სამხრეთ ოსეთში განაცხადეს, რომ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” საპასუხოდ, ისინი “შავ სიას” ამზადებენ.
“ეს ცხინვალის მარიონეტულმა ხელისუფლებამ კი არ განაცხადა, ეს განაცხადეს რუსეთის ოფიციალურმა პირებმა. ცხინვალის რეჟიმს პირდაპირ აკონტროლებს კრემლი. ეს არის კრემლის განცხადება. ეს არის კრემლის მიერ „შავი სიის“ შემოღება. კრემლს „შავი სია“ დიდი ხანია უკვე, აქვს. ამ სიაში მეც ვარ შესული. მე მაქვს მტკიცებულება, დოკუმენტი. 2012 წელს მე მივიღე სომხეთიდან ოფიციალური წერილი. ეს არის სომხეთის უშიშროების სამინისტროდან მიღებული წერილი, სადაც წერია, რომ, თურმე, მე 2012 წლიდან ვიმყოფები „შავ სიაში“ და მეკრძალება დსთ-ს წევრ სახელმწიფოებში შესვლა. შემიძლია, წარმოგიდგინოთ დოკუმენტები. მე მაინტერესებს, რის საფუძველზე შემიყვანეს „შავ სიაში“. ბუნებრივია, ეს, გარკვეულწილად, დადებითი მომენტიც არის, როგორც ჩანს, კრემლისთვის მიუღებელი პიროვნება ვარ. მარტო მე არ ვიქნები, ვინც ამ სიაშია შეყვანილი.
ის, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, არის, აბსოლუტურად, თვალებში ნაცრის შეყრა. ეს სია დიდი ხანია არსებობს, შეიძლება ამ სიის გაფართოებაზეა საუბარი. არ ვიცი, ვის მიამატებენ ამ სიაში“- განაცხადა მაისაიამ.
ვახტაგ მაისაია ასევე გამოეხმაურა დე–ფაქტო აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა საქართველოს მხრიდან იმდენად პროვოკაციული ნაბიჯია, რომ ამან, შესაძლოა ჟენევის დისკუსიების ფორმატზე გავლენა იქონიოს და ის გაანადგუროს.
„როგორც ჩანს, მეორე მხარს ეძებს მიზეზს იმისთვის, რომ ის ურთიერთობა, რომელიც არსებობს თბილისსა და სოხუმს შორის, გადაიყვანოს კონფრონტაციულ ნოტაზე. მიზეზი მონახეს. ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის შემოღების გამო, რომ მთლიანად ჩაშალო ე.წ. სამშვიდობო ფორმატი, ეს, ალბათ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება“- განაცხადა მაისაიამ.
ცნობისთვის, ე.წ. “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” გულისხმობს დოკუმენტს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში, ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები