ვახტანგ მაისაია: სასანქციო სია, შეიძლებოდა, გავრცელებულიყო რუსეთის მაღალჩინოსნებზე, ეს იქნებოდა ღირსეული პასუხი ჩვენგან

ექსპერტი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში, ქართულმა მხარემ რუსეთის მოქალაქეებიც უნდა შეიყვანოს. ამის შესახებ, მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მაისაიამ აღნიშნა, მსგავსი სია აქამდეც უნდა შექმნილიყო.
„სია კარგა ხნის წინ უნდა ყოფილიყო მიღებული. დანაშაულები დაფიქსირდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც, არანაკლები ეთნიკური წმენდა განხორციელდა რუსეთის ოკუპაციის და აგრესიის შედეგად, ვიდრე ეს იყო 1992- 1993 წლებში, როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი გაცილებით ადრე უნდა დასმულიყო, ვიდრე მოხდებოდა ტატუნაშვილის მხეცური მკვლელობა ცხინვალის ციხეში. შეიძლებოდა ჩვენ ამით აგვეცილებინა ეს ტრაგედია, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი მოქალაქის მკვლელობასთან.
ამაში არის ლოგიკა, რომ ჩვენ, შეიძლებოდა, წაგვეყენებინა ბრალდება და ჩაგვესვა ამ სიაში რუსეთის მოქალაქეები და კერძოდ, ის პირები, რომლებიც დღეს არიან რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციალურ სისტემაში. 2016 წლის ე.წ. შეთანხმების მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე მყოფი ყველა პენიტენციალური სისტემა ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დანაყოფს. ტატუნაშვილის საზარელი მკვლელობა მოხდა რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებად დაწესებულებაში. ამას მოწმობს ისიც, რომ ტატუნაშვილის გვამი რუსეთის ფედერაციაში გადააგზავნეს. რუსეთის მაღალჩინოსნებზე, შეიძლებოდა, გავრცელებულიყო აღნიშნული სასანქციო სია და ეს იქნებოდა ღირსეული პასუხი ჩვენგან“, – განაცხადა ვახტანგ მაისიამ.
ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, ე.წ. მაგნიტსკის სიას უნდა მიებას.
„ადვოკატი მაგნიტსკი მოკლული იქნა რუსეთის ფედერაციის ციხეში. სია უკვე არსებობს და შეგვიძლია ამ სიის კონტექსტშიც შევიყვანოთ რუსეთის ფედერაციის ის მაღალჩინოსნები, რომლებიც უშუალოდ ხელმღვანელობდნენ ცხინვალის ციხეს. რატომღაც ამას ყურადღებას არავინ აქცევს“, – განაცხადა მაისაიამ.
ცნობისთვის, ე.წ. “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია” გულისხმობს დოკუმენტს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა ან/და მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მაცხოვრებელთა მიერ, საქართველოს მოქალაქეთა გატაცებაში, მათთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში, ეჭვმიტანილი და მსჯავრდებული, აღნიშნული დანაშაულების ხელშემწყობი და დანაშაულების დაფარვაში შემჩნეული პირების შესახებ.
ცნობისთვის, რაც შეეხება ე.წ მაგნიტსკის სიას – 2013 წელს შეერთებულმა შტატებმა გამოაქვენა ე.წ. მაგნიტსკის სია, რომელშიც შეყვანილია ადამიანის უფლებების დარღვევაში ეჭვმიტანილი 18 რუსი ოფიციალური პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები