სულხან სალაძე: დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები კარგად უნდა იყოს გაანალიზებული და ოპტიმალური გადაწყვეტილება ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული

„რეკომენდაციები, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შეიმუშავა, კარგად უნდა იყოს გაანალიზებული და ამის შემდეგ იყოს ოპტიმალური გადაწყვეტილება მიღებული“, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც სულხან სალაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კომისიის წევრები და არასამთავრობო სექტორი ორ სხვადასხვა რეკომენდაციაზე შეჯერდნენ, თუმცა, რა სახის რეკომედაციების შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე, სალაძეს ეს არ დაუზუსტებია. ამის მიზეზად, საია-ს თავმჯდომარემ დახურულ კარს მიღმა შეხვედრა დაასახელა.

„ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ორი რეკომენდაცია შეიმუშავა: ერთ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, უფრო მარტივად არის საქმე – როდესაც საუბარია, რომ გარდა ორი ადამიანისა, კიდევ მესამემაც მიიღო იქ სხეულის დაზიანება. ეს ადასტურებს, რომ მინიმუმ სამი იარაღი იყო გამოყენებული ამ შემთხვევაში. აქ უფრო ნათელი და მკაფიოა. რაც შეეხება მეორე რეკომენდაციას, საბოლოო გადაწყვეტილება ალბათ, კომისიამ უნდა მიიღოს და მე ვისურვებდი, რომ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღოს სრული კონსენსუსის შედეგად, ეს იდეალური იქნება.

ბევრ ვერსიასა და ვარიანტზე იყო საუბარი, თუ რას შეუწყობს ახლა ამ რეკომენდაციის მიღება ხელს და რა შეიძლება დააზიანოს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეხვედრა დახურული იყო, მე მაინც ღიად ამ შესაძლო რისკებზე ან პირიქით, უკეთეს განვითარებაზე არ ვაპირებ საუბარს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკითხი განიხილება და იმედს ვიტოვებ, რომ კომისია მიიღებს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას. მე მოვისმინე, როგორც მხარდამჭერი, ასევე, შედარებით რბილი პოზიციები და ვფიქრობ, ყველა მათგანი უნდა იქნეს გაანალიზებული და ამის შემდეგ იყოს გადაწყვეტილება მიღებული. მით უმეტეს, რომ ის, რაზეც თავიდან ერთგვარი შემოთავაზების სახით იყო საუბარი, მაინც რჩება მოცემულობად და ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, რომ ეს საკითხი ისევ გამოვიდეს რეკომედაციით კომისიის წინაშე.

ამ ეტაპზე, რთულია პირდაპირ საუბარი, მით უმეტეს, რომ ბევრი პირი, ვინც შეიძლება აქ ფიგურირებდეს, ჯერ კიდევ არ გამოუკითხავს კომისიას, არ მიუღია ახსნა-განმარტებები და ყველა ნიუანსი არის გასათვალისწინებელი. ჩემი პირადი მოსაზრება იყო, ექნება თუ არა კომისიას რეკომენდაცია გამოძიებასთან, რომ იყოს შესწავლილი, რა ხდებოდა 1 დეკემბრიდან ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ძალიან ბევრი კითხვა არის გამოძიებასთან მიმართებაში, ცხადია, მათ არ გამორიცხეს, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ესეც იქცეს რეკომენდაციად და ასევე იყოს განხილული.

იყო ძალიან საინტერესო საუბრები, მათ შორის, სხვადასხვა ფორმით, უშუალოდ სასამართლო პროცესებზე გაჟღერებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით, რომლის აღმოჩენამ და პოვნამაც შეიძლება დიდწილად განსაზღვროს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ამ საქმეში. ამ ეტაპზე, ეს ინფორმაცია არ არსებობს, არის მონათხრობი, ზეპირი ფორმით, არის იმის რესურსი, რომ ეს ინფორმაცია აღდგენილი იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ კომისია ღიად მუშაობს და სრულწლოვანი ადამიანები ღიად იკითხებიან, იმედი მაქვს, ბევრ რამეს მომავალშიც ვნახავთ“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები