ირაკლი ანთაძე: გალში დაგეგმილ შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გიგა ოთხოზორიას მკვლელობას დაეთმობა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, გალში, მორიგ შეხვედრაზე, მთავარი თემა საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იქნება. მისივე თქმით, საუბარი იქნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების კუთხით შეზღუდვებზეც.
„დღეს განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე ყველა მომხდარ ინციდენტს. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, დაეთმობა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს. ასევე, ვისაუბრებთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თავისუფალი გადაადგილების კუთხით შეზღუდვებზე“, – აღნიშნა ანთაძემ.
ცნობისათვის, 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით, ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.