მამუკა მდინარაძე: პრემიერმინისტრი სტრუქტურულ ცვლილებებზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

სამსაათიანი მსჯელობის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციების მეორე დღე დასრულდა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს.

მდინარაძის თქმით, პრემიერი ხვალ 7 საათზე უმრავლესობას გაფართოებულ ფორმატში შეხვდება, დღეს კი განხილვაში მხოლოდ უმრავლესობის ბიუროს წევრები მონაწილეობდნენ.

ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გაერთიანებული უწყებების ხელმძღვანელებზე და მინისტრობის სხვა კანდიდატებზე მსჯელობა სწორედ ხვალინდელი გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყება. ამ ეტაპზე კი ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი კონცეფციით კონკრეტულ მიმართულებებს გაერთიანებულ სამინისტროებში მოადგილეები უხელმძღვანელებენ.

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დროებით მთავრობას ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა. ახალი მთავრობა საქმიანობას სამი კვირის განმავლობაში შეასრულებს, სამი კვირის თავზე კი მამუკა ბახტაძე ახალ სამთავრობო შემადგენლობას წარადგენს.

18 ივნისს მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება, თუმცა დღეს გაჟღერებული ვერსიით, მცირე მთავრობის კონცეფციით შესაძლოა სულ 9 სამინისტრო დარჩეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები