რას ფიქრობს პეტრე მამრაძე სტრუქტურულ ცვლილებებზე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ექსპერტი პეტრე მამრაძე თვლის, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანება შეცდომა იყო და აღნიშნული უწყებები უნდა გაიყოს.

მამრაძე ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეებზე საუბრობს.

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მამრაძემ მცირე მთავრობის საკითხზეც ისაუბრა და ის უწყებები დაასახელა, რომელთა გაუქმება ან სხვა უწყებებთან შეერთება, მისი აზრით, ლოგიკური იქნება.

„მივესალმები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანებას. თავის დროზე ეს იყო მოგონილი უწყება, – მერაბიშვილს და ადეიშვილს სრული კონტროლი ჰქონოდათ ციხეებზე და ნებისმიერ მომენტში, თუ რამე მოხდებოდა, უნდოდათ ეთქვათ – ჩვენ რა შუაში ვართო და ხელი ამ სამინისტროს ხელმძღვანელისკენ გაეშვირათ, მასზე შეეხოცათ. ასე რომ, ვფიქრობ, ამ სამინისტროს იუსტიციისთვის შეერთება სწორია. ძალიან კარგი იქნება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გაუქმება. თავის დროზე – 93 წელს, როცა ნახევარი მილიონი ლტოლვილი იყო, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატმა გვთხოვა, რომ პარტნიორი მინისტრი ჰყოლოდათ ამ მიმართულებით, მერე, როცა ეს ფუნქციები განაწილდა, მუნიციპალიტეტებიც კურირებენ ამ საკითხს, ეს უწყება დარჩა ფიქციად. ასეთივე ფიქციაა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ციხელაშვილი შეიძლება ბრწყინვალე პროფესიონალია, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს აპარატი საჭიროა“, – განაცხადა მამრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები