პეტრე მამრაძე: არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა შეცდომა იყო

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ექსპერტი პეტრე მამრაძე თვლის, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება არსებულ ვითარებაში არასწორი ნაბიჯი იყო.

შესაბამისი შეფასება მამრაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და ის გარემოებები დაასახელა, რომელთაც გათვალისწინებითაც მისი თქმით, კვირიკაშვილს ამ ეტაპზე გადადგომის გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.

„დღეს, მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში იმ ფორმით, რა ფორმითაც გადადგა კვირიკაშვილი, ეს სამთავრობო გუნდისთვის იყო შეცდომა.
საქართველო მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას ბოლო დრომდე დადებითად აფასებდნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, იმასაც ყველა აღნიშნავდა, რომ ეს აისახა ეკონომიკურ ზრდაზე, ამბობდნენ, რომ ინვესტიციებისთვის შესაბამისი გარემო შეიქმნა – ეს ყველაფერი ფაქტებით არის დასაბუთებული. უცებ გამოდის გიორგი კვირიკაშვილი და აცხადებს, რომ მას თურმე ბოლო პერიოდის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარესთან უთანხმოება ჰქონდა სწორედ ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვის გამო და სწორედ ამიტომ თავად გადაწყვიტა, რომ გადადგეს რათა პარტიის თავმჯდომარეს მიეცეს საშუალება თვითონ დააკომპლექტოს გუნდი ისე, როგორც მიაჩნია საჭიროდ. მეორე – ის პროტესტის ტალღა, რაც ბოლო პერიოდში იყო, ნამდვილად დიდი ადამიანური ტრაგედია მოხდა და ბევრ ადამიანს უსამართლობის განცდა აქვს, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ყველაფრით ისარგებლა, ზვიად კუპრვა ხომ ზონდერია, ადამიანი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს თვითონ არბევდა მიტინგს და ახლა ყვიროდა, რომ სისტემა უნდა ჩამოშალოს. ამ ფონზე ჯერ პროკურორი გადადგა, შემდეგ კვირიკაშვილი. მეც ვიზიარებ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებას, რომ ბოლო პერიოდში გამართულ საპროტესტო აქციებს, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომასთან არანაირი კავშირი არ აქვს თუმცა, არსებული ფონიდან გამომდინარე აღიქმება, რომ კვირიკაშვილის გადადგომა სწორედ ამ პროცესებთანაა კავშირში“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები