„საქართველოს ბიზნესსაქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემო და უპირატესობები აქვს“

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მოწინავე ქვეყანა, როგორიც საფრანგეთის რესპუბლიკაა, ჩვენი კარგი სავაჭრო პარტნიორი იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბიზნესსაქმიანობისათვის საქართველოს ხელსაყრელი გარემო და უდავო უპირატესობები აქვს.
“საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მოწინავე ქვეყანა, როგორიცაა საფრანგეთის რესპუბლიკა ჩვენი კარგი სავაჭრო პარტნიორი იყოს, მაგრამ როგორც ამჟამინდელი სტატისტიკა ასახავს, სავაჭრო პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული და მომავალში კიდევ მრავალ ასათვისებელ მიმართულებებსა თუ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. საფრანგეთი და ფრანგული ბიზნესი გამოირჩევა ინოვაციებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით. საქართველოს ახლა სწორედ ასეთი ცოდნისა და გამოცდილების შემოტანა სჭირდება ბიზნესში და შესაბამისად ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ საფრანგეთისგან. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ არსებობს საქართველოდან საფრანგეთში ექსპორტის ზრდის პოტენციალი. საქართველოსაც შეუძლია მრავალი სახის მაღალი ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს საფრანგეთის ბაზარს. ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა კიდევ უფრო იზრდება და ახალ, ფართო შესაძლებლობებს წარმოაჩენს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) ივნისში ხელმოწერით. მჯერა, რომ ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ამ შეთანხმების ფარგლებში წარმოიშობა, ხელს შეუწყობს საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას. გარდა იმისა, რომ საქართველოს აქვს ხელსაყრელი გარემო და უდავო უპირატესობები ბიზნეს საქმიანობისათვის, მას აქვს აგრეთვე განსაკუთრებული ადგილმდებარეობაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მისი ბაზარი შესაძლოა ერთი შეხედვით არ იყოს აღქმული მომგებიანად, სულ სხვა სურათს დავინახავთ, თუ შევხედავთ საქართველოს როგორც რეგიონალურ ცენტრს. სწორედ ამ ჭრილში ნათელია, რომ საქართველო წარმოადგენს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ცენტრს, არამედ ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ერთგვარ დამაკავშირებელსაც. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად, საქართველოში მყოფ ინვესტორებს ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ შესანიშნავი ბიზნეს გარემო, ადგილმდებარეობა და წვდომა უკვე 900 მილიონიან ბაზარზე. ამის გარანტიაა პრეფერენციების გენერალიზებული სისტემა (GSP) რვა ქვეყანასთან, აშშ-ს ჩათვლით DCFTA ევროკავშირის ქვეყნებთან და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს შესანიშნავი ურთიერთობა ჩვენს ორ წარმატებულ მეზობელთან, თურქეთსა და აზერბაიჯანთან, რომელთან ერთადაც ჩვენ ვახორციელებთ მსხვილ და სტრატეგულად მნიშვნელოვან ენერგო და სატრანსპორტო პროექტებს, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი და სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის “შაჰდენიზის გაზსადენი”-ის პროექტები. ეს პროექტები უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და რეგიონში სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობისათვის. ჩვენ ველით, რომ საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება შავ ზღვაზე ავაშენოთ ღრმა წყლის პორტი, რომელიც შეძლებს უკეთ მოემსახუროს საქართველოში სწრაფად მზარდ ბიზნესებს, როგორც გადამზიდავი და სასაწყობე მეურნეობის სექტორში, ისე ნებისმიერი სახის წარმოება/გადამუშავების მიმართულებით. ამ ყველაფრის შედეგად საქართველოში არსებულ კომპანიებს გარდა სხვადასხვა ბაზრებზე მარტივი წვდომისა უკვე აქვთ და მომავალშიც ექნებათ საშუალება ისარგებლონ სამი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორით, რომლითაც ხასიათდება ჩვენი სატრანზიტო დერეფანი: დაბალი ფასი გადაზიდვებისთვის, გადაზიდვის უფრო სწრაფი ვადები და უსაფრთხოება. დასასრულისაკენ მსურს შევაჯამო ჩვენი ქვეყნის უპირატესობები – ჩვენ ინვესტორებს და ბიზნესს ვთავაზობთ: ჩვენ ინვესტორებს და ბიზნესს ვთავაზობთ: სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს მყარი სუვერენული ბალანსითა და ძლიერი, კონსერვატული საბანკო სექტორით; ლიბერალურ საგადასახადო სისტემას დაბალი გადასახადების ექვსი ფიქსირებული ტიპით; განვითარებულ და მუდმივად მზარდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ვაჭრობის, ლოგისტიკისა და წარმოებისათვის, რაც მოიცავს მულტიმოდალურ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციებს; სტაბილურად და კონკურენტული ტარიფებით მოწოდებულ ენერგორესურსებს; კვალიფიციურ და კონკურენტულად განფასებულ სამუშაო ძალას“, -აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები