დავით ჭიჭინაძე: რადგან თეა წულუკიანი ასეთი გულწრფელია, უმჯობესია, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ჭიჭინაძე მიიჩნევს, მისნაირი გულწრფელი ადამიანი სჯობს გარეთ იყოს და მმართველ გუნდს იქიდან მიუთითოს შეცდომებზე.
„პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ახალ სამთავრობო კაბინეტში თეა წულუკიანი. ჩემთვის საკმაოდ მიუღებელი იყო მის მიერ ორი დღის წინ ეთერში გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს ვიღაცას რაღაც შეეშალა. უმჯობესია, ასეთი ადამიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე“, – განაცხადა ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა. იგი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიება შსს-მ თავიდან დაიწყო. „არავითარი ძიება თავიდან არ დაწყებულა. მე ამას პირველად ვამბობ პირდაპირ ეთერში: როდესაც პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა აქციიდან დაბრუნებულმა, დაუშვა, სამწუხაროდ, შეცდომა. მე ამას ღიად ვამბობ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები