იენს სტოლტენბერგი: მიუხედავად მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობისა, აშშ და ევროპის ქვეყნები ნატო-ს სამიტზე ერთიანობის დემონსტრირებას მოახდენენ
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის არსებული მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობისა, მომავალ თვეში დაგეგმილ სამიტზე, ალიანსის წევრი სახელმწიფოს ლიდერები ერთიანობას აჩვენებენ. ამის შესახებ მან ფრანგული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობის, პარიზის კლიმატური შეთანხმების და ირანის ბირთვული ხელშეკრულების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობს გამო, ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაიძაბა, დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს სამიტი ტრანსატლანტიკური ერთიანობის დემონსტრირებას მოახდენს, დაგვანახებს იმას, რომ ევროპა და აშშ-ი ერთ აზრზე დგანან“ – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ის ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, რომელმაც ნატოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. მან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ევროპის რიგი სახელმწიფოები, თავდაცვის სფეროში, გაცილებით მეტ ინვესტიციას დებენ, ვიდრე ადრე.