„აქტიურად ვიმუშავებთ ადგილობრივი წარმოების განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით“

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვა, რომელიც ჩვენს სამთავრობო პროგრამაშია წარმოდგენილი, კვლავ დაეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესი, არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამისათვის, აქტიურად ვიმუშავებთ ადგილობრივი წარმოების განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით.
განვითარდება ახალი საკრედიტო-საგარანტიო ინსტრუმენტები“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიციების შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად შემუშავდება შესაბამის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას.
„მნიშვნელოვანია, რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტიციების მაღალტექნოლოგიურ დარგებში განხორციელება, რომელიც დაეფუძნება ცოდნასა და ტექნოლოგიებს. ეს ხელს შეუწყობს პროდუქტიულობისა და წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის აქსელერაციას“ – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
მისივე შეფასებით, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, ტურისტული ჰაბის ჩამოყალიბება, რაც მოგვცემს როგორც ქვეყნის შიდა, ისე რეგიონალური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის სრულფასოვან მონაწილეობის შესაძლებლობას.
გიორგი ჩერქეზიშვილმა თავის მოხსენებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრეს პრინციპად დარჩება საერთაშორისო ვაჭრობისადმი გახსნილობა. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, კერძოდ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით, ქართულ ეკონომიკაში შეიქმნა მნიშვნელოვანი საფუძველი ექსპორტის ხელშეწყობის, ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდის კუთხით. ექსპორტის განსავითარებლად საქართველო კვლავაც განახორციელებს რეგიონში ვაჭრობის განვითარების პოლიტიკას და ხელს შეუწყობს საქართველოს მეწარმეებს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან ვაჭრობისას ხელოვნური ბარიერების აღმოფხვრაში“ – აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ინფორმაციისთვის: 2018 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. 2018 წლის პირველ იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება
დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულთან ჰონკონგთან. ხელშეკრულების ხელმოწერა დაგეგმილია მიმდინარე თვის ბოლოს (28 ივნისს)
მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომ ლიბერალიზაციასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის დამატების შესახებ.
ასევე მიმდინარეობს ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევა და მხარეთა შორის დიალოგი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით.
2018 წლის 10 მაისს ხელი მოეწერა მემორანდუმს ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის შესახებ
2018 წლის მაისში განხორციელდა ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა, რომელიც გადაეცა აშშ-ის კომერციის მდივანს და სახელმწიფო მდივნის აპარატს.
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყურის არაბულ ქვეყნებთან (GCC) თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები