ნაწამები ლეკვის სკანდალმა თურქეთის პოლიტიკურ წრეებს წინასაარჩევნო ბატალიები გადაავიწყა?
წინასაარჩევნოდ, თურქეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, პოლიტიკური განრიგის შეცვლა მოუხდა და ცხოველთა უფლებების თემაზე საუბარი მოუწია.
ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც თურქეთის მოსახლეობამ სოციალური მედიის სივრცეში ნაწამები ლეკვის ფოტო-ვიდეო მასალა იხილა.
ინციდენტი წინასაარჩევნოდ ყველაზე განხილვად თემად იქცა და არაერთი მნიშვნელოვანი ბატალიები ჩამოიტოვა უკან.
ადგილობრივი მედია-საშუალებების ინფორმაციით, ნაწამები ლეკვის სკანდალზე, მთელი თურქული პოლიტიკური სპექტრი აღშფოთდა. მომხდარის გამო, ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობებიც კი დაივიწყა და უპრეცედენტო ერთობა გამოავლინა, საკითხთან მიმართებაში.
კვირას, სტამბოლში გამართულ მასშტაბურ აქციაზე, მომხდარს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანიც გამოეხმაურა და მომხდარ ფაქტს აღმაშფოთებელი უწოდა. მისი განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ უკვე მოახერხა დამნაშავის დაკავება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თურქულ სოციალურ მედიაში, ფოტო-ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც ლეკვს თათებსა და კუდს აჭრიდნენ. დასახიჩრებული ცხოველი მოსახლეობამ საკარიას პროვინციაში მდებარე ტყეში იპოვა და ვეტერინართან გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარმა მთელი თურქული პოლიტიკური ესტაბლიშმენტის აღშფოთება გამოიწვია და წინასაარჩევნოდ ყველა აქტუალური თემა გადაფარა. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მომხდარზე საუბარი თურქეთის პრეზიდენტსაც მოუწია, რომელმაც არსებული კანონმდებლობის გამკაცრების პირობა დადო, მისი ხელახალი არჩევის შემთხვევაში.