ელენე ხოშტარია: გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, არ გადავიხდი

,,გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი. ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას”, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ის ზაჰესის იზოლატორიდან ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

,,განცხადება ზაჰესის იზოლატორიდან:

დღეს გარეთ თქვენთან ერთად ბრძოლა, ძალიან კარგად მესმის, თუ რა მნიშვენლობის არის, ამიტომ არავინ ჩათვალოს, რომ ციხეში ყოფნა ჩემი არჩევანია. ჩემი არჩევანია, არასდროს ისეთი არაფერი არ გავაკეთო ამ ბრძოლაში, რისიც ჩემს სინდისთან და თქვენთვის ახსნა არ შემეძლება.

გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილში და ფარსში მონაწილეობის გზით. ჩემი პატიმრობა უკანონოა ისევე, როგორც უამრავი თავისუფალი ადამიანის. ოღონდ, პატიმრობა არ არის ბრძოლის გაჩერება, ამას ნამდვილად გპირდებით.

გავიმარჯვებთ სახელოვნად! ბოლომდე!

PS: ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას”,- წერს ხოშტარია.

ცნობისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ელენე ხოშტარიამ დაცვის უფლებაზე თქვა უარი, სასამართლომ კი მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა, თუმცა, ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზეც უარი განაცხადა.

გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა.

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები