დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: ელენე ხოშტარიას მხარდაჭერა ევროკავშირიდან არის იმ საერთო დამოკიდებულების შედეგი, რომელიც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ პიროტექნიკის, რევოლუციური სცენარების გამოგზავნისა და გაკვეთილების შედგენის სახით

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებას, „ევროკავშირი მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა უსამართლოდ დაკავებულ პოლიტპატიმარს, ჟურნალისტს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს საქართველოში”, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იქმნება გარკვეული კომიკური სურათი, როდესაც ევროკავშირის დასაცავი ხდება ელენე ხოშტარია, რომელსაც ხელფასს რუსეთი უხდის.

„ჩვენ ამდაგვარი არაერთი ფაქტი უკვე ვნახეთ, დაწყებული მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ელჩების მარში თუ დემარში, როცა სააკაშვილი მისი წამების ინსცენირებას დგამდა და ამ სცენარში მხარს უჭერდნენ.

ასევე ვნახეთ არაერთი ელჩის იმდაგვარი ჩარევა, რომ რამენაირად ქვეყანაში გააღვივონ რევოლუციური მუხტი, რამენაირად შედგეს „მაიდანი” და შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც მათ დაკვეთებს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, არ ასრულებს.

ელენე ხოშტარიას მხარდაჭერა ევროკავშირიდან არის იმ საერთო დამოკიდებულების შედეგი, რომელიც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ პიროტექნიკის, რევოლუციური სცენარების გამოგზავნისა და გაკვეთილების შედგენის სახით. ესეც, რა თქმა უნდა, ამის ნაწილია, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ გარკვეული კომიკური სურათიც იქმნება, როდესაც რუსეთის ხელფასის მომხმარებელი ხოშტარია ევროკავშირის დასაცავი ხდება,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები