“მივდივართ გაცხადებული მიზნისკენ – საქართველოს წარმატებული შედეგები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადავიყვანოთ ახალ ნიშნულზე და ვიყოთ საუკეთესო სამეულში” – პაპუაშვილი
“დღეს, ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, მათ შორის იმ ქვეყნებს, ჩვენ რომ ჭკუას გვასწავლიან, თუმცა, არასდროს წამოგვიძახებია ამ ქვეყნებისთვის, რომ ჩვენზე უარესი მდგომარეობა აქვთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, მივდივართ გაცხადებული მიზნისკენ – საქართველოს წარმატებული შედეგები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადავიყვანოთ ახალ ნიშნულზე და ვიყოთ საუკეთესო სამეულში ამ მხრივ. დღეს, ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, მათ შორის იმ ქვეყნებს, ჩვენ რომ ჭკუას გვასწავლიან, თუმცა არასდროს წამოგვიძახებია ამ ქვეყნებისთვის, რომ ჩვენზე უარესი მდგომარეობა აქვთ. ამიტომ ჩვენ ვართ ძიებაში იმ ნაბიჯების, რომლებიც ერთის მხრივ როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის მეშვეობით, ასევე სისტემის მხრივ, შექმნის ყველანაირ ბარიერს, რომ არ წახალისდეს და არ იყოს იმის ცდუნება, რომ კორუფციულ გარიგებებში შევიდეს ესა, თუ ის მოხელე.
ეს ცვლილებაც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება, რომ ვინმემ არ იფიქროს, რომ შეიძლება გარკვეული კორუფციული შემოსავალი მიიღოს, შეეგუოს იმას, რომ რამდენიმე წელი დაყოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იმ იმედით, რომ როდესაც თავისუფლებაზე დაბრუნდება, მანამდე კორუფციულად მიღებული თანხები გამოიყენოს. ამის პრევენციას ემსახურება ქონების დეკლარირების 30-წლიანი ვალდებულება არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვის. მანამდე მივიღეთ ცვლილებები თაღლითობასთან დაკავშირებით, რათა დაზარალებულების სრული დაკმაყოფილება მოხდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.