ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ ვიყოთ უკეთესები, ვიდრე 9 წლის განმავლობაში იყო ხელისუფლება – ჩვენი ამოცანა არის ის, რომ არ დავარღვიოთ, არ მოვკლათ და ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ

„სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს ჩვენ წარსულზე საუბარი, რაც ნამდვილად არ არის კარგი. ჯობია, რომ წინ გავიხედოთ და ვისაუბროთ მომავალზე, დღევანდელობაზე და მომავალზე – ეს არის ნამდვილად უკეთესი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ხშირად მაინც არის საუბარი 9 წელზე. მისი შეფასებით, წინა 9 წელთან შედარებაც კი არასწორია.
„სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ მაინც გვიწევს საუბარი 9 წელი, 6 წელი და ასე შემდეგ. შედარებაც არასწორია. ამაშიც გეთანხმებით. არასწორია ნამდვილად, შედარება, წინა 9 წელთან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ 9 წელზე უკეთესი – ეს იქნებოდა აბსოლუტურად არა ამბიციური და არაადეკვატური მიზანი. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ იმ 9 წელზე უკეთესი ვიყოთ, ამოცანა ის კი არ არის, რომ მიტინგის დარბევის დროს 6 კაცის მაგივრად, 3 კაცი შემოგვაკვდეს, ამოცანა არის ის, რომ საერთოდ არ დავარბიოთ მიტინგი და საერთოდ არ მოკვდეს არავინ ძალადობის გამოყენების დროს. ამოცანა ის კი არ არის, რომ ადამიანის უფლება დაირღვეს, მაგრამ იმაზე ნაკლებად, ვიდრე თქვენ არღვევდით, ამოცანა არის ის, რომ საერთოდ არ დავარღვიოთ ადამიანის უფლებები. ეს არის ამოცანა, ეს არის სტანდარტი. ამოცანა ის კი არ არის, რომ დეპუტატი არ შემოგვაკვდეს და სასიკვდილოდ არ ვცემოთ, ამოცანა არის ის, რომ საერთოდ არ შევეხოთ ფიზიკურად არცერთ პარლამენტის წევრს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ოპოზიციას სხვადასხვა საკითხზე ყურადღების გამახვილებისა და კითხვების დასმისთვის და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ამ კითხვებზე პასუხები აქვს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი არასდროს გაურბის კითხვებს.
„მე ნამდვილად მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხზე ამახვილებთ ყურადღებას. რა თქმა უნდა, ეს არის თქვენი ამოცანა, განსაკუთრებით, ოპოზიციის ამოცანა. პირიქით, ჩვენ მადლობა უნდა გადაგიხადოთ კითხვების დასმისთვის, მაგრამ, მეორეს მხრივ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გვაქვს პასუხები ამ კითხვებზე, ეს წარსულში დავადასტურეთ და დარწმუნებული ვარ, რომ როცა მოვა პარლამენტში, თუ როგორც იქნება, შინაგან საქმეთა მინისტრი, ის კიდევ ერთხელ გასცემს ამ კითხვებს პასუხს. ჩვენ არასდროს არ გავურბივართ კითხვებს და ყოველთვის ვართ ხოლმე წელში გამართულები, შეგვიძლია, კითხვებზე პასუხების გაცემა. კიდევ ერთხელ, ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ ვიყოთ იმაზე უკეთესები, ვიდრე 9 წლის განმავლობაში იყო ხელისუფლება. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ არ დავარღვიოთ, არ მოვკლათ და ეს არის სულისკვეთება, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ. თუ იქნება გადაცდომა, აქაც ამოცანა არის ის, რომ ხელი არ უნდა დაეფაროს არავის, ამ სულისკვეთებით მუშაობს ხელისუფლება და ეს დავამტკიცეთ მათ შორის იმითაც, რომ შეიქმნა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისიაში უმცირესობას, განსაკუთრებით, რომელიც არის უმრავლესობით წარმოდგენილი, ექნება იმის საშუალება, რომ დასვას ყველა კითხვა, რომელიც არის დაკავშირებული ამ საქმესთან და შესაბამისად, მიიღოს პასუხები. კიდევ ერთხელ, ამოცანა არის ის, რომ დამნაშავეს ხელი არ დაეფაროს, არ დაირღვეს ადამიანის უფლებები, არ შევეხოთ ვინმეს ფიზიკურად და ასე შემდეგ. ამ სულისკვეთებით მოქმედებს ხელისუფლება. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ვიყოთ მხოლოდ იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები