ევროსაბჭოს კომისრის მოხსენებაში უკანონო მოსმენების თემაც მოხვდა

ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის ერთ-ერთი ქვეთავი უკანონო მოსმენებს ეთმობა. როგორც ნილს მუჟნიეკსი აღნიშნავს, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ აღმოაჩინა 24 ათასი ვიდეო და აუდიოჩანაწერი, რომელიც არალეგალური გზით იყო მოპოვებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგის თქმით, ჩანაწერები ასახავდა პირად ცხოვრებას, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების საუბრებს. ვიდეოჩანაწერები კი შეიცავდა პატიმართა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრებს.
“ოფიციალური განცხადებები გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უკანონო სატელეფონო ჩანაწერები აღარ ხორციელდება და სატელეფონო ჩანაწერის მოსმენა მხოლოდ გამოძიების კონტექსტში, სასამართლოს ბრძნების საფუძველზე ხდება. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მთავარი სატელეკომუნიკაციო კომპანიები კვლავაც აღჭურვილი არიან “შავი ყუთებით”, რომლებიც უკანონო სატელეფონო მოსმენების საშუალებას იძლევა. ამ მხრივ, არასამთავრობოებმა და ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა გამოხატეს შეშფოთება, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიების ნაკლებობის გამო და ხაზი გაუსვეს ოპერატიული და საგამოძიებოს საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების აუცილებლობას, რათა ის შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან და განსაკუთრებით, კონფიდენციალური უფლებების კუთხით”, – ნათქვამია ნილს მუიჟნიეკსის ანგარიშში.
ამასთან, ევროსაბჭო მიესალმება საქართველოში პატიმართა მოპყრობის კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ციხეებში გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი კონტროლის გაძლიერებას. ევროკომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები ციხეებთან დაკავშირებით “წამების საწინააღმდეგო კომიტეტის” (CPT) რეკომენდაციების შესასრულებლად. ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოში 20-დან 25 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები