შერჩევითი უფლებადამცველი თუ უდანაშაულო გვარამია – ბაია პატარაია: მიტინგებზე მსგავსი შემთხვევა ყოფილა

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია, რომელიც ქალთა უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ მთვარისა ნავერიანისა და ნიკა გვარამიას დაპირისპირებაში, ქალის უფლებები არ დარღვეულა.
უფრო მეტიც, ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ 31 მაისს, მთავარ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე, ნიკა გვარამიასა და მთვარისა ნავერიანის შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურში გადაიზარდა.
როგორც „საფარის“ ხელმძღვანელი „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, იგი არ მიიჩნევს საჭიროდ, ამ შემთხვევაში, ორგანიზაციამ რაიმე სახით რეაგირება მოახდინოს.

თუმცა, განმარტავს, რომ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და მთვარისა ნავერიანს შორის დაპირისპირება ტელევიზიის საშუალებით ნახა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. მიტინგებზე მსგავსი შემთხვევა ყოფილა და მსგავსი შემთხვევები ადმინისტრაციული წესით კვალიფიცირდება. მე იმის ინტერესებს ვიცავ, ვინც მომმართავს. ამ ქალბატონს ჩემთვის არ მოუმართავს. როგორც ვიცი, ის დამოუკიდებლად აწარმოებს თავის საქმეს. როგორც მე ვნახე კადრებში, ამ შემთხვევაში დანაშაულის ნიშნები არ არის. თუმცა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არის. ამ ქალბატონმა ვერბალური კონფლიქტი თავად წამოიწყო. რაც შემდგომ გაგრძელდა და გადაიზარდა იმაში, რომ ნიკა გვარამიამ ხელი ჰკრა, ასეთი იყო მოვლენების განვითარება. მიუხედავად ამისა, თუ ეს ქალბატონი ჩვენ ორგანიზაციას მოგვმართავს, ჩვენ საქმეს შევისწავლით. ძალით ვერავის დავეხმარებით, თუ თვითონ სურვილი არ გამოთქვა თანამშრომლობისთვის. ჩვენ რეაგირებას ვახდენთ მხოლოდ იმ ფაქტებზე, როდესაც სისტემური ძალადობაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ ვთვლით საჭიროდ, რომ ჩავერთოთ ან რეაგირება მოვახდინოთ. ეს ქალი ისეც იცავს თავის უფლებებს“ – განუცხადა ბაია პატარაიამ „კვირას“.
ამასთან, ბაია პატარაია „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში ორგანიზაცია „საფარი“ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირებას ახდენს, თუ ინფორმაცია პრესაშიც დაიწერა. მაგრამ, ამ შემთხვევაში „საფარი“ არ მიიჩნევს საჭიროდ, რომ ამ კონკრეტულ ფაქტზე, კერძოდ, მთვარისა ნავერიანის უფლებებით დაინტერესდეს.
ამ საქმესთან დაკავშირებით, „კვირა“ სახალხო დამცველის აპარატსაც დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ სახალხო დამცველის აპარატს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რეაგირება არ მოუხდენია თუმცა, განმარტეს, რომ „სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა მიუღებელია ნებისმერ შემთხვევაში.“
„სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა მიუღებელია ნებისმერ შემთხვევაში. დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, საქმე უნდა შეისწავლოს შესაბამისმა უწყებებმა. თუ რომელიმე დაზარალებული მიიჩნევს, რომ საქმეზე არ მოხდა სათანადო რეაგირება, მოგვმაროთოს და სახალხო დამცველი იმოქმედებს მანდატის შესაბამისად“ – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელში, მთვარისა ნავერიანის მხარდამჭერების განცხადებებიც გამოჩნდა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს მთვარისა ნავერიანის დაცვისკენ მოუწოდებენ.
„ქალბატონ მთვარისა ნავერიანზე რატომ არ იღებთ ხმას, თქვე ფარისეველო და ყოვლად უზნეო ფსევდოლიბერალებო, – ნინიებო, ბაიებო, ლომჯარიებო და სხვა ნაძირლებო, გენდერზე რომ მოაღებთ ხოლმე პირს უსირცხვილოდ?
სხვა რომ ყოფილიყო ვინმე ამ ქალბატონის ადგილზე – ან ნარკომანი, ან ეკლესიის მაგინებელი, ან ლგბტ – მაშინ ხომ ატეხავდით ერთ წიოკს, მთელ მსოფლიოს შეძრავდით! თქვე ფარისევლებო და ყოვლად უზნეოებო! „ – წერს ანზორ აბჟანდაძე სოციალურ ქსელში.
მთვარისა ნავერიანის ვრცელი ინტერვიუ გუშინ გაზეთ „ასავალ-დასავალში გამოქვეყნდა, სადაც ის დეტალურად იხსენებს 31 მაისს მომხდარ ფაქტს.
მთვარისა ნავერიანი ამბობს, რომ მისი შვილიშვილებიც 51 -ე საჯარო სკოლაში სწავლობენ და მან, ზაზა სარალიძეს სოლოდარობა, მთავარი პროკურატურის შენობასთან გამართულ აქციაზე მისვლით გამოუცხადა.

„მკვლელები და მათი მშობლები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, ეს იყო ჩემი გულსთქმა, მაგრამ ღმერთო ჩემო, გვარამიას უბრალოდ არ მოეწონა, რომ სიმართლე ხმამაღლა ვუთხარი, რისი სუს-ის აგენტი მე ვარ, პროკურატურის წინ რომ შევუერთდი აქციას და იქ ნაცები დავინახე, მაშინვე გულმა რეჩხი მიყო, ხალხში გიორგი ვაშაძეც დავინახე. ამ გიორგი ვაშაძემ თეატრალურად ხელები გაშალა და ტელეკამერების წინ თქვა – „პროკურატურას სისხლიანი ხელები აქვსო“ ვერ მოვითმინე და ხმამაღლა დავიძახე – „თქვენი სისხლიანი ხელებით ნუ დგახართ ზაზა სარალიძის გვერდით-მეთქი“, სწორედ ამ დროს, საიდანღაც გამოენთო სახეშეშლილი ნიკა გვარამია და უშვერი სიტყვებით დამიწყო ლანძღვა. ესეც არ იკმარა და პირდაპირ თავს დამესხა, ჩემდა მოულოდნელად, გულმკერდის არეში ისე ძლიერად ჩამცხო, რომ სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა და სუნთქვა შემეკრა“, – აცხადებს მთვარისა ნავერიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ამის შემდეგ, მას ლურჯმაისურიანმა მამაკაცმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
რის შემდეგაც, მთვარისა ნავერიანი იქვე, ისნის რაიონში, 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და საჩივარი დაწერა.
მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში იგი ცუდად გახდა, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
ნავერიანის ინფორმაციით, მეორე დღეს ექსპერტიზის ბიუროში წავიდა, სადაც დაჟეჟილობა და დაზიანებები დაფიქსირდა.

„შედგა ოქმი და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე“ – აცხადებს მთვარისა ნავერიანი, რომელიც ნიკა გვარამიას დასჯას ითხოვს.
„ნიკა გვარამიამ საჯაროდ დედა მაგინა და ამას შევარჩენ? რომ ჰკითხო, ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ გამოდის და სიტყვის თავისუფლებას იცავს“ – ამბობს მთვარისა ნავერიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები