დავით უსუფაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა. დავით უსუფაშვილმა ელჩს პარლამენტის მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგი გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში განხორციელებულ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე და ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრეს.
„ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური პარტიების უფრო ფართო სპექტრი იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
იუვალ ფუქსმა დავით უსუფაშვილს ისრაელსა და გერმანიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არსებული პრაქტიკა გააცნო. ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის საელჩოს საქმიანობის შესახებ ისაუბრა. იუვალ ფუქსის განცხადებით, დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს ახორციელებს, ასევე, ტარდება ლექციები, ეწყობა გამოფენები, იმართება შეხვედრები ებრაულ საზოგადოებასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. ისრაელის საელჩო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აგროკულტურული განვითარების პროგრამებს ახორციელებს.
„ეს პროგრამები გამიზნულია გრძელვადიანი პერიოდისთვის და არ ითვალისწინებს მხოლოდ ერთჯერად ღონისძიებებს“, – განაცხადა იუვალ ფუქსმა.
დავით უსუფაშვილმა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საელჩოს საქმიანობა საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ რჩება. შეხვედრაზე საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზეც ისაუბრეს. განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და მოახლოებული ნატოს სამიტიც.
„ნატოს სამიტიდან სასარგებლო და პრაქტიკულ ნაბიჯებს ველოდებით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. თავის მხრივ, იუვალ ფუქსმა საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა. „თქვენი რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია ენერგომომარაგების კუთხით. სწორედ ამიტომ, ამ რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს“, – აღნიშნა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები