ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის სანქციები გამკაცრდება

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის. რომლის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის სანქციები მკაცრდება.
შს სამინისტრომ პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის ცვლილების შესახებ ინიციატივით დღეს მიმართა.
„მკაცრდება სანქციები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარებისთვის. ტარება არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც მკაცრად დაისჯება თავისუფლების აღკვეთით და ასევე, აქამდე არსებული რედაქციისგან განსხვავებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და შენახვაც გახდება მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც საკმაოდ მკაცრად დაისჯება -თავისუფლების აღკვეთით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა 3-დან 6 წლამდე, ხოლო ტარება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ცვლილებების შემუშავების აუცილებლობა დანაშაულის სიხშირიდან გამომდინარე დადგა.
„საკმაოდ გახშირებულია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტები და ამ იარაღის გამოყენებით ცალკეული დანაშაულების ჩადენა. შესაბამისად, ჩვენ აღნიშნული წინადადება დავაყენეთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები