ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს“ წინააღმდეგ სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა. საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნა საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თაობაზე სასამართლომ 2018 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა.

სასამართლო სექციის პრეზიდენტის მითითების შესაბამისად, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი მოსაზრებები არ ეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დავის არსებით მხარეს. მოსაზრებებში სახალხო დამცველი შემოიფარგლა საკუთარი მანდატით და ყურადღება გაამახვილა საქმის მნიშვნელობის, ასევე ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე.

სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, მხარეებს, განმცხადებლებსა და მთავრობას შესაძლებლობა ექნებათ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში წარდგენილ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებით სტრასბურგის სასამართლოს მეორედ მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები