გიორგი კვირიკაშვილი: ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მოსაზრებით, პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები ექსპორტზეა გასატანი

“ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სტავროს ლამბრინიდისის მიერ რეკომენდაციის სახით გამოყოფილ სფეროებს შორის, რომელშიც საქართველო სხვა ქვეყნებს გამოცდილებას გაუზიარებს, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმებია”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა რეკომენდაციის სახით თავად გამოყო ის სფეროები, რომელთა გატანაც, მისი მოსაზრებით, შესაძლებელია „ექსპორტზე“, მათ შორის ერთ-ერთი არის პენიტენციურ დაწესებულებებში გატარებული რეფორმები და წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა“, – განაცხადა პრემიერმა.

მან გაწეული სამუშაოსა და აღნიშნულ სფეროში გატარებული რეფორმების საერთაშორისო აღიარებისთვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის, მის მიერ ჩატარებული რეფორმების აღიარებისთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა განმარტა, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სტავროს ლამბრინიდისისმიერ საქართველოში ვიზიტის დროს წარმოდგენილი ინიციატივის – “ადამიანის უფლებების დაცვის პოზიტიური მაგალითები“ (Good Human Rights Stories) ფარგლებში, საქართველომ სხვა წარმატებულ 15 ქვეყანასთან ერთად მიიღო წინადადება, მთელს მსოფლიოში, სახელმწიფოებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება.

„საქართველო შეირჩა როგორც ქვეყანა, რომელმაც კონკრეტულ, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ადამიანის უფლებათა განმტკიცების პროცესში და ამ მიმართულებით, განაგრძობს ძალისხმევას. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში იქნება ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის ამ ინიციატივაში მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი შეფასებით, აღნიშნულ ინიციატივაში საქართველოს მიწვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მისი  ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის პოზიტიურად წარმოჩენას, პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე.

„მოხარული ვარ, რომ გვექნება შესაძლებლობა სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების პოზიტიური მაგალითები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები