გიორგი მარგველაშვილი: ქართულ-ლიეტუვური თანამშრომლობის ფაზები, რომელსაც ჩვენ გავდივართ, სულ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა

“მადლობას გიხდით, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის გვერდით არა მარტო გაჭირვების დროს, არამედ ზეიმის და სიხარულის დროს ყოფნისათვის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან ერთობრივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართულ-ლიეტუვური ურთიერთობის და თანამშრომლობის ფაზები, სულ უფრო შთამბეჭდავი შედეგებს იძლევა.

„ქართულ–ლიეტუვური ურთიერთობის და თანამშრომლობის ფაზები, რომელსაც ჩვენ გავდივართ, სულ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა. მე მინდა ხაზი გავუსვა აგრეთვე თქვენს მიერ საქართველოს ინტერესების სერიოზულ წამოწევას, რომელიც არაერთხელ პირადად თქვენ განგიხორციელებიათ, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს კონტექსტში.

დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ მიზნებზე, რაც საქართველოს გააჩნია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და მე მაქვს იმის რწმენა, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს პროგრესი ნატოსთან მიმართებით იქნება ადეკვატურად დაფასებული. დარწმუნებული ვარ, რომ ლიეტუვური პოზიცია ამ თვალსაზრისით ტრადიციულად ჩვენი მხარდამჭერი იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის უსაფრთხოების თაობაზე, ვისაუბრეთ მომავალი თანამშრომლობის შესახებ და მე მიხარია, რომ ამ კონტექსტში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივა საერთაშორისო ფორუმებზე მხოლოდ პოზიტიური შინაარსის მატარებელია.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის გვერდით არა მარტო გაჭირვების დროს, არამედ ზეიმის და სიხარულის დროს ყოფნისათვის“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები