რიმა ბერაძე: თუკი კომპანია ვალდებულებებს არ შეასრულებს, მის მიმართ შესაბამისი სანქციები გატარდება

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, კომპანია „ნიუ როუდ გრუპის“ მიერ ხოშტარიას ქუჩაზე განსახორციელებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ორი დღის წინ გააკეთეს განცხადება, თითქოს ტენდერის პირობები ირღვეოდა და არ სრულდებოდა ის დავალებები, რაც გამარჯვებულ კომპანიას ჰქონდა აღებული, სარევიზიო კომისიისგან კი ოპოზიცია აღნიშნული საკითხის შესწავლას ითხოვდა.

რიმა ბერაძის განმარტებით, სარევიზიო კომისიამ ჩაატარა მოკვლევა, რომლითაც გაირკვა, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, 5 მაისისთვის სამუშაო დაესრულებინა. დეპუტატის თქმით, კომპანიამ ეს ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც გამგეობამ ორჯერ გააფრთხილა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კომპანიის წინააღმდეგ ყველა კანონიერი სანქცია იქნებოდა გამოყენებული.

„4 მაისს კომპანიამ გამგეობას კიდევ ერთხელ, დამატებით მოსთხოვა ვადის გაგრძელება, მაგრამ გამგეობამ არ გაითვალისწინა კომპანიის მოთხოვნა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, 17 დღით (გუშინდელი დღის ჩათვლით) ვადის გადაცილებასთან დაკავშირებით კომპანია 1598 ლარით დააჯარიმა. ბატონ ხაბეიშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზია, რომ თითქოსდა სატენდერო კედელზე უნდა გამოჩენილიყო ეს მიმოწერა, თუმცა ამას კანონი არ ითვალისწინებს და გთხოვთ, მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში“, – მიმართა ოპოზიციას რიმა ბერაძემ.

დეპუტატის თქმით, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ სავალი გზის ასფალტის საფარის დაგება არის დარჩენილი და კომპანია თავის ვალდებულებას შეასრულებს, ხოლო თუ ხელშეკრულების პირობები არ შესრულდება, კომპანიის მიმართ შესაბამისი სანქციები გატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები