პრეზიდენტი: დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, რუსეთის ფედერაცია საქართველოს რეგიონების ოკუპაციას განსხვავებული ფორმებით ახორციელებდა

0

“საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ გადაიდგა ნაბიჯები საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ოკუპაციის მიმართულებით, ოღონდ მაშინ ეს ხორციელდებოდა რაღაც განსხვავებული ფორმით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიეტუვას პრეზიდენტთან, დალია გრიბაუსკაიტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთისგან წარმოებული ჰიბრიდული ომის შესახებ საუბრისას განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეტევებს, რომელსაც რუსეთი ახორციელებდა, მხოლოდ 2014 წლიდან დაერქვა ჰიბრიდული ომი.

„საქართველოს სამწუხაროდ, აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება რუსეთთან ჰიბრიდული ომის წარმოების. მინდა ყველას გავახსენო, რომ ქართულ-რუსული დაპირისპირება არ დაწყებულა 2008 წელს. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ გადაიდგა ნაბიჯები საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ოკუპაციის მიმართულებით, ოღონდ მაშინ ეს ხორციელდებოდა რაღაც განსხვავებული ფორმით. იმ ფორმით, რომელსაც მხოლოდ 2014 წლიდან დაერქვა ჰიბრიდული ომი და იმ ადამიანებს პატარა მწვანე კაცუნები დაერქვა, ვინც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ტერიტორიაზე 90-იანი წლების დასაწყისიდან ცდილობდნენ, რომ გაეტეხათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის ნება, ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ რუსეთთან ჰიბრიდული ომის დიდი გამოცდილება გვაქვს. ამ ჰიბრიდული ომის შემადგენელი 2008 წელს კიბერშემადგენელიც იყო. ბუნებრივია, ჩვენც შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ასეთ ძლიერ მეზობელს გავუძელით და გავუძლებთ მომავალშიც, როგორც ეს ყოველთვის გაგვიკეთებია“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი