ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბრიჯიტ ბრინკს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა მიმოიხილეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ბრიჯიტ ბრინკს აშშ-ს მხრიდან საქართველოს მყარი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ საქართველო-ნატოს ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო ნატოს მოახლოებულ სამიტსა და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს 10 წლისთავი სრულდება ნატოს ბუქარესტის სამიტიდან, სადაც საქართველომ მიიღო პირობა, რომ გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სასამართლო და საკონსტიტუციო რეფორმებზე. ასევე, ისაუბრეს საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

ბრიჯიტ ბრინკმა ხაზი გაუსვა პარლამენტის როლს დემოკრატიული რეფორმების გატარებაში და ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები