სოფიო ქაცარავა: ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე დაგატარებულ რეფორმებზე, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წარმატებულადაა აღიარებული.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე, რაც ეკონომიკური განვითარების გარანტიაა.

„ჩვენ ვხედავთ თქვენს პროგრესს და ვაფასებთ თქვენს მისწრაფებებს.  მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაკონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას”,- განაცხადა  საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯონათან ჯანოგლიმ.

„ბრიტანეთთან ჩვენი ურთიერთობა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვაძლიერებთ ამ კავშირებს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და განათლების მიმართულებით”, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრისას, ყურადღება გაამახვილა ერთობლივ კომუნიკეზე, რომელიც დელეგაციის ვიზიტის ბოლოს იქნება  მიღებული ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შორის და რომელიც მოიცავს ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობის  დადასტურებას, დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მხარდაჭერას. კომუნიკე ადასტურებს ერთობლივი ძალისხმევის გამოხატვას საერთო ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე  შეეხო ნატო-ში საქართველოს მომავალ წევრობას და ქვეყნის კონტრიბუციას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სფეროში როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში.

შეხვედრაში, სოფიო ქაცარავასთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები