„წარადგინე შენი ბიბლიოთეკა“ – ქალთა N5 დაწესებულებამ კონკურსში გაიმარჯვა

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონკურსში – „წარადგინე შენი ბიბლიოთეკა“, სასჯელაღსრულების N5 ქალთა დაწესებულების ბიბლიოთეკის მთავარმა ბიბლიოთეკარმა ანა გერგედავამ გაიმარჯვა. უწყების ინფორმაციით, პრეზენტაციების კონკურსზე 10 ბიბლიოთეკა იყო წარდგენილი. ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესოდ N5 დაწესებულების ბიბლიოთეკის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია და მისი ავტორი დასახელდა.
სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების ბიბლიოთეკა 2012 წელს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ოსლოს, დეიჩმანის სახელობის ბიბლიოთეკის ხელშეწყობით დაარსდა. ბიბლიოთეკაში განთავსებულია მედიათეკაც, წიგნების რაოდენობა კი 8000-ზე მეტია. საბიბლიოთეკო კოლექციის შედგენისას გათვალისწინებულია ეთნიკური უმცირესობის კულტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებები, ამდენად, ბიბლიოთეკაში ლიტერატურა როგორც ქართულ და ინგლისურ, ისე რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მოიპოვება. დაწესებულებაში ბიბლიოთეკის ფუნქციონირების მიზანია, მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილება, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვა და მსჯავრდებულთა თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენება.
ბიბლიოთეკის სივრცე კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებისთვისაც გამოიყენება: ხშირად ეწყობა ლიტერატურული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები, კინოჩვენებები, გამოფენები და ტრენინგები. პრეზენტაციაში მოყვანილი იყო საბიბლიოთეკო მასალების ბრუნვის სტატისტიკაც. ბიბლიოთეკის მომხმარებელ ქალბატონთა გამოკითხვამ გამოკვეთა, რომ უმრავლესობამ აქტიურად კითხვა სწორედ დაწესებულებაში შემოსვლის შემდეგ დაიწყო. მსჯავრდებულთა 60%-ზე მეტი ბიბლიოთეკას სასწავლო დანიშნულებით იყენებს, რაც რესოციალიზაციის პროცესის სწორად წარმართვაზე მიუთითებს. ბიბლიოთეკა რამდენჯერმე განახლდა. ბოლო განახლება 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების დღესთან დაკავშირებით მოხდა, როცა სხვადასხვა ორგანიზაციამ, ბიბლიოთეკამ და გამომცემლობამ სასჯელაღსრულების დაწესებულების ბიბლიოთეკებს 4000-მდე წიგნი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები