თინათინ რუხაძე: ძეგლებთან მიმართებით სიჩქარეს მოაქვს მხოლოდ ცუდი, მთავრობა იღებს თავის თავზე ნებისმიერი რაოდენობით კვლევების დაფინანსებას, გელათთან დაკავშირებით პროცესს მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ

ძეგლებთან მიმართებაში სიჩქარეს მოაქვს მხოლოდ ცუდი, საქართველოს მთავრობა იღებს თავის თავზე ნებისმიერი რაოდენობით კვლევების დაფინანსებას და ყველაფერს, მივყვებით ამ პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთავარი ზომა არის ფრთხილი დაგეგმვა.

„ჩვენ ახლა სამალიარო სამუშაოებს ვერ ჩავატარებთ გელათში, გელათი უნდა იყოს შენარჩუნებული, კულტურულ მემკვიდრეობაში ჩვენ თუ ველოდებით, რომ მივიღებთ აქედან ასეთი ტიპის პროდუქტს, ვერ მივიღებთ. იმის შენარჩუნება უნდა ვისწავლოთ, შესაძლებელია, ჩარევაზე გვითხრან, რომ არ უნდა ჩაერიოთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ეტაპი გადავლახეთ, კარი ღიაა, არაფერი დასამალი არ არის, ერთად გავდივართ ამ გზას და ერთად ვსწავლობთ. კი ბატონო, მე, როგორც დღევანდელი კულტურის მინისტრი, გეუბნებით, რომ იყო შეცდომები, მაგრამ იმისთვის ვართ დღეს აქ, რომ ამ შეცდომებზე გაანალიზება, ანალიტიკა, ყველაფერი მოვაწყოთ და ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რომ სწორ გზაზე გავიყვანოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ფრთხილი დაგეგმვა, ეს არის მთავარი ზომა.

მოზაიკის ძირეული კვლევა, კედლის მხატვრობების ძირეული კვლევა, ქვის ძირეული კვლევა, წყლის მდგომარეობის, გეოლოგიის და ა.შ. კვლევა და მეთოდიკაზე შეთანხმება ბევრი მხარის ერთად, ოღონდ არა მარჩიელობის რეჟიმში, არამედ კონკრეტული სამეცნიერო დასაბუთებების რეჟიმში, რაშიც მე, როგორც მინისტრი, ვერ ჩავერევი. კულტურის სამინისტრო მთლიანად არის ჩართული, ჯერ ერთი, როგორც არ უნდა მართავდეს კომიტეტი, ჩვენთან არის სააგენტო, რომელიც არის მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი და ნებართვებს ის გასცემს, ოფიციალურად ყველა კორესპონდენცია გადის კულტურის სამინისტროდან და იუნესკოსთან მაკოორდინირებელი ორგანო არის კულტურის სამინისტრო. სრულად ყველა რგოლს აქვს თავისი ფუნქცია, ქართველი მეცნიერებიც არიან ჩართული, მსოფლიო ექსპერტებიც არიან ჩართული, იუნესკოც არის ჩართული, საქართველოს მთავრობა არის ჩართული, რომელიც ლოკომოტივია, რადგან ამ წუთას ის იღებს თავის თავზე ნებისმიერი რაოდენობით ამ კვლევების დაფინანსებას და ყველაფერს. ბუნებრივია, ეკლესიაა ჩართული და ყველა მხარე ერთად სხდება, ჩვენ მივყვებით ამ პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ. მე არ მინდა, მოლოდინი იყოს იმისა, რომ მალე იქნება? უკვე დაამთავრეთ? ძეგლებთან მიმართებაში სიჩქარეს მოაქვს მხოლოდ ცუდი. გადავდივართ მუშაობის მშვიდ რეჟიმზე. ღია ვართ ნებისმიერ კითხვაზე და მზად ვართ, რომ პასუხი გავცეთ“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

რაც შეეხება გადაცემის წამყვანის კითხვას, „გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალების გამოყენება, უდიერი მიდგომა“. ძირითადად ასეთი შეფასებები იყო წინა რეაბილიტაციის დროს“, – თინათინ რუხაძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ ასე იყოს და სურს, სჯეროდეს, რომ არცერთი ადამიანი განზრახ ამას არ აკეთებდა.

„იმიტომ არა, რომ გელათს გავურბივარ, მამა კირიონი არ გაურბის არცერთ კითხვას და შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს მიბრძანდეთ, მოიწვიოთ, დაუსვათ ეს კითხვები და ჩემზე დეტალურ პასუხს გაგცემთ, რადგან ის არის უშუალოდ პროექტის ხელმძღვანელი. სასახლეზე გეტყვით, მგონია, რომ არ არის სწორი, რაღაცები, ყველაფერი აბრალო წინა პერიოდს, რადგან სასახლეში ყველა ფლიგელი იყო ისე შენარჩუნებული, როგორც მაშინ შეძლეს. სხვა გამოსავალი არ იყო. ხან გათბობა არ იყო, ხან გაგრილება არ იყო, ხან იზოლაცია მეტი იყო, ხან წყალი ჩამოვიდა და გადახურვის თანხა არ იყო. მაგალითად, იტალიაში არის ძალიან დიდი კულტურული მემკვიდრეობა ხომ? იქაც ხომ ხდება, რომ ჩამოშლილია ზოგი. რომ არ ვიკამათოთ, ვინ რა მიდგომით მიდის, მე ვამბობ, რომ იუნესკოს დაცვის ქვეშ არის ობიექტი? იუნესკო უნდა აკვირდებოდეს და სრული ღიაობით უნდა ვიყოთ, უნდა ვიყოთ მაქსიმალური მხარდაჭერით, რაც ამ ქვეყანას აქვს საშუალება, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, ღიად ვაკეთოთ, პრობლემებს არ შევუშინდეთ, ვიკითხოთ, სადაც შეგვიძლია, რომ ვიკითხოთ, სწორად დავგეგმოთ და მივყვეთ პროფესიონალებს“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები