რატი იონათამიშვილი: როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, კანონში ეწერა, რომ თუ ვინმეს შენი „გაშავება“ უნდა, შეუძლია, ცილი დაგწამოს და მერე შენ უნდა დაიცვა თავი, რადგან მტკიცების ტვირთი შენზეა გადმოსული – ეს შეიცვლება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატანმა ცვლილებებმა ოპოზიცია და გარკვეული მედია საშუალებების ნაწილი გააღიზიანა.
როგორც იონათამიშვილმა გადაცემა „ღამის კურიერში“ საუბრის დროს აღნიშნა, ეს გაღიზიანება, გარკვეულწილად, აღიარებაც კი იყო მათი მხრიდან.
„გულწრფელები ვიყოთ, ვისი პასუხისმგებლობის ტვირთი უნდა იყოს, როდესაც ადამიანს გამიზნულად სწამებ ცილს – მსხვერპლის თუ ცილისმწამებლის?! ფართო აუდიტორია გვიყურებს და მათ გასცენ ამ კითხვას პასუხი და თითოეულმა ჩვენგანმა წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი ასეთ შემთხვევაში, როდესაც გვწამებენ ცილს, ეს ცილისწამება სიმართლეა თუ არა, ვინ უნდა დაამტკიცოს, მსხვერპლმა თუ ცილისმწამებელმა?
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, აქამდე კანონში ეწერა, რომ მტკიცების ტვირთი აქვს მსხვერპლს. ადამიანს იმისთვის, რომ მხოლოდ შენი გაშავება უნდა, შეუძლია ცილი დაგწამოს და მერე შენ უნდა დაიცვა შენი თავი იმიტომ, რომ მტკიცების ტვირთი შენზეა გადმოსული და შენ უნდა იმართლო თავი, რომ რაც დაგაბრალა, ეს სიმართლე არ არის.
მიგვაჩნია, რომ ეს პრინციპი თავსმოხვეულია. გადავხედოთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკას, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მტკიცების ტვირთი არის ცილისმწამებელზე, მათ შორის მედიასტანდარტების მიხედვითაც არის ცილისმწამებელზე და არა მსხვერპლზე. საქართველოში რატომ უნდა იყოს ყველაფერი თავდაყირა დაყენებული, ეს ხომ არაჯანსაღი, არასწორი და არასამართლიანია?!.
ყველაზე საინტერესოა, ვინ გაღიზიანდა ამ ინიციატივიდან გამომდინარე და ვინ შემოსცხო განგაშის ზარები, რომ თურმე მსხვერპლს აღარ ექნება მტკიცების ტვირთი და მტკიცების ტვირთი ექნება ცილისმწამებელს. ისევ და ისევ რადიკალურმა ოპოზიციამ, პარტიულმა მედიასაშუალებებმა, ზუსტად იმ პლატფორმებმა, ვინც სიცრუის, სიძულვილისა და ცილისწამების ტირაჟირებით არიან დაკავებულნი, ფაქტობრივად, ამით აღიარებითი ჩვენებები მისცეს საზოგადოებას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.