მიხეილ ჯანელიძე: აშშ ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი
საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტი შეაფასა.
ჯანელიძის თქმით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მნიშვნელოვანი და დროული იყო.
„შეხვედრები გაიმართა, როგორც სახელმწიფო მდივანთან სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში. როგორც წარმომადგენლობით პალატაში, ასევე სენატში. ჩვენ მოვისმინეთ ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი ყველა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ველოდებით სამიტს, რომელზეც უნდა დაფიქსირდეს ის შედეგი, რომელიც საქართველოს აქვს ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. აშშ მტკიცედ უდგას საქართველოს გვერდში ამ პროცესში და იგი ღიად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან შეხვედრისას, სიღრმისეულად განიხილეს როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულება, რეგიონში არსებული სიტუაცია, საქართველოს როლი რეგიონში და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია რეგიონის უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას ორმხრივ ურთიერთობებში სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის.