სტრასბურგის სასამართლოში “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმის ზეპირი მოსმენა ხვალ გაიმართება

 

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)”. ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული. დღეს, 22 მაისს ქართულმა დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ადვოკატის სიტყვა კიდევ ერთხელ მოისმინეს და ზეპირ განხილვამდე ერთი დღით ადრე ყველა დეტალი საბოლოოდ დააზუსტეს. ქართული დელეგაცია სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს. რუსეთის ფედერაციის მიმართ 2008 წლის აგვისტოსა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ჩადენილი დარღვევები ევროპული სასამართლოს წინაშე დასადგენად საქართველოს მხარე მტკიცებულებებით გამყარებული პოზიციით წარდგება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არა მარტო პრეცედენტული იქნება, არამედ მნიშვნელოვანია საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში კონფლიქტების თვალსაზრისით, რადგან ხელს შეუწყობს იმ სამართლებრივი ჩარჩოს გამყარებას, რომლის ფარგლებში პოლიტიკური ძალისხმევით უნდა მოწესრიგდეს ეს კონფლიქტები. ამავე დროს, საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო ეფექტურად მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების და საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერის რეალიზაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე. საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვისაც პრეცედენტულია. სტრასბურგის სასამართლო პირველად განიხილავს ასეთ ფართომასშტაბიან საქმეს, რომელიც ეხება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს და ამ კონტექსტში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების საკითხს. 23 მაისის ზეპირ მოსმენაზე სასამართლო განიხილავს კომპლექსურ საკითხებს, მათ შორის, რამდენად ექცევა რუსეთის იურისდიქციის ფარგლებში აქტიური საბრძოლო მოქმედებებისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევები; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების გათვალიწინებით, რამდენად ექცევა საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად წარდგენილი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვის სტანდარტებში; შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის საკითხი. საქართველო ამტკიცებს, რომ ომისა და ომისშემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევები რუსეთის იურისდიქციაში ექცევა და ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: რუსეთის მიერ დე ფაქტო რეჟიმების სამხედრო პერსონალის მომზადება; მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნა; ფინანსური და ეკონომიკური დახმარების გაწევა; „პასპორტიზაცია” და უვიზო მიმოსვლის შემოღება; რუსული კანონმდებლობის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელება; რუსების სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა; რუსული წვრთნები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომლებიც აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე სამხედრო მოქმედებების გეგმის ფარგლებში ჩატარდა; აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და სხვ. საქართველოს პოზიციაა, რომ სამართლებრივი დაცვის ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალების ამოწურვის მოთხოვნა არ უნდა გავრცელდეს მოცემულ საქმეზე, რადგან რუსეთის მხრიდან არსებობდა კონვენციის დარღვევებისა და ასეთი ქმედებების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების ე. წ. ადმინისტრაციული პრაქტიკა. რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად საქართველომ წარადგინა მყარი პოზიციები და მტკიცებულებები, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ უზარმაზარი სამუშაო გასწია. 2016 წლის 6-17 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა (მოწმეები გამოძახებულნი იყვნენ როგორც საქართველოს და რუსეთის მიერ, ისე სასამართლოს ინიციატივით). საქმეზე არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ − 2013 წლის 8 ოქტომბრიდან − დღემდე შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება. მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო- და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული „ისკანდერის” ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ.) და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით. აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი). რუსეთ-საქართველოს ომის საქმის არსებით მხარეზე წერილობითი პოზიციები და შესაბამისი მტკიცებულებები საქართველომ პირველად წარადგინა 2014 წლის 31 დეკემბერს, ამის შემდეგ დამატებით − 2016 წლის 19 თებერვალს და 31 მარტს, 2017 წლის 31 იანვარსა და 24 ნოემბერს. სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგში 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა, 2009 წლის 6 თებერვალს კი, საქართველომ წარადგინა დაზუსტებული საჩივარი; სტრასბურგის სასამართლომ 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საჩივარი მისაღებად ცნო, არსებითი მხარის წინასწარი გადაწყვეტის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები