“ფარულ მოსმენებზე “ნაციონალების“ დაწერილ სცენარს “რუსთავი 2“ ახმაურებს“
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი გიორგი ვოლსკი ტელეკომპანია“რუსთავი 2“ -ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით “კვირასთან“ საუბრობს.
ვოლსკი , საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრების მსგავსად ფიქრობს, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კარგად დაგეგმილი სცენარია, რომელიც “რუსთავი 2“ -ის საშუალებით ხმაურდება.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ “რუსთავი 2“ კიდევ ფლობს მსგავსი სახის მასალას, მათი წყარო კი ყოფილი მმართველი გუნდიდან არის.
“ის ფარული მასალა, რაც “რუსთავი 2“ -მა გუშინ გაავრცელა, იმ სცენარის გაგრძელებაა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე – ამავე ტელევიზის ხელმძღვანელ პირებზე გაკეთებული ფარულ კადრებზე მოვისმინეთ. თავიდანვე ძალიან საეჭვო გარემოებებით დაიწყეს იმისი მტკიცება, რომ თითქოს არსებული ხელისუფლება მათ უსმენდა. “რუსთავი 2“ -ის ხელძღვანელობა აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერები მათ კონკრეტულმა წყარომ მიაწოდა, რომლის ვინაობის გამხელასაც არ აპირებენ. ისინი ამით გამოძიებას ხელს უშლიან, არადა საქმის ბოლომდე მიყვანა წესით მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს. ვფიქრობ, დაიწერა სცენარი და ისინი ამ სცენარს მიჰყვებიან. არ გამოვრიცხავ “რუსთავი 2“ ფარული მოსმენების ამსახველ სხვა მასალებსაც ფლობდეს.
ნიკა გვარამიას ბოდიშიც, ამ სცენარის ნაწილია. მხოლოდ გვარამია კია არა, მთლიანად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და აცხადებენ, რომ წარსულში ჩადენილ შეცდომებს ნანობენ და აღარ სურთ, ჩვენც იგივე გავიმეორთ. ვერანაირი ბოდიშითა და მონანიებით ვერ გააბათილებენ იმ უამრავ შეცდომას, რომელიც 9 წლის განმავლობაში აქვთ ჩადენილი. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი სწორედ იმ ძალადობის და შანტაჟის დასრულება იყო, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში აკეთებდნენ“, – განუცხადა “კვირას“ გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-მა რამდენიმე ფარული სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი გამოაქვეყნა. ჩანაწერების მცირე ამონარიდები გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში” გაასაჯაროეს, რომელიც პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრებს ასახავს.
პროკურატურამ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.