აშშ და ევროკავშირი ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ
ვენესუელაში, 20 მაისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მოიგო. არჩევნების დასრულებიდან ცოტა ხანში კი, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, შედეგების აღიარებას არ აპირებენ.
პარტიების კოალიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან, მათი მტკიცებით, არჩევნები მთავრობის მიერ დადგმული შოუ იყო. მათივე განცხადებით, ოპოზიციური განწყობის მქონე ბევრი წარმომადგენელი ან ჩამოაშორეს არჩევნებს, ან დააპატიმრეს, მათგან ზოგიერთი კი, იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
არჩევნების ჩატარება წლის ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა ვენესუელას ეროვნულმა კრებამ ის მაისში დანიშნა, რამაც ოპოზიციური სპექტრის პროტესტი და დაპირისპირება გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ვენესუალაში პრეზიდენტს 6 წლის ვადით ირჩევენ. ნიკოლას მადურო ქვეყანას 2013 წლიდან მართავს.