სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე – ტანრივერდი კ. და რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დმანისის რაიონში მცხოვრებმა ტანრივერდი კ.-მ საქართველოს მოქალაქეს ყალბი ფულის შესყიდვა შესთავაზა. მისი განმარტებით, ყალბი ფული მას თურქეთის რესპუბლიკიდან ჰქონდა შემოტანილი.

ტანრივერდი კ.-მ და მისმა თანამზრახველმა, რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა.-მ აღნიშნულ მოქალაქეს ორ ნაწილად გადასცეს 4000 აშშ დოლარის ოდენობით ყალბი ფული, რის სანაცვლოდაც, 1400 აშშ დოლარი აიღეს.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ტანრივერდი კ. და ვილაიატ ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები