ზურაბ აბაშიძისთვის გაუგებარია, რატომ მოისურვა მარგველაშვილმა პუტინთან საუბარი პრეზიდენტობის ვადის მიწურულს

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, მხარი დაეჭირა ხელისუფლების ინიციატივებისათვის.
აბაშიძის თქმით, გაუგებარია თუ რატომ დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი ახლა, საპრეზიდენტო ვადის დასასრულისკენ.
“რუსეთთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას აწარმოებს, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები სრულად უჭერენ მხარს. ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში ჩვენი ხელისუფლების სწორ, პრაგმატულ პოლიტიკას იზიარებს, მისასალმებელია, თუმცა გაუგებარია, თუ რატომ დაიწყო მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი ახლა, საპრეზიდენტო ვადის დასასრულისკენ, მითუმეტეს, რომ პრეზიდენტს ადრე არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა, მხარი დაეჭირა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ჩვენი ხელისუფლების ინიციატივებისათვის და დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ მაღალი დონის ჩატარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ასეთ შეხვედრაზე მოხდება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და გადაიდგმება თუნდაც მცირე ნაბიჯი ამ პრობლემების მოგვარებისკენ”- განაცხადა “პირველთან” საუბარში ზურაბ აბაშიძემ.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ოკუპაციასთან დაკავშირებით სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
“მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს, პერმში, მოსკოვსა, თუ პეტერბურგში და თუ მე, აი, აქედან გამომდინარე დამელაპარაკება რუსი ლიდერი – ჩვენ დავლაგდებით”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები