“ხელისუფლებას ჯოჯოხეთს ვერ მოუწყობენ – 9 წლიანი ჯოჯოხეთური მმართველობა დამთავრდა“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მოსასმენი აპარატურა არსებობს, თუმცა დასადგენია ვის ხელშია ეს მოწყობილობები.
დეპუტატის თქმით, ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია ფარულ ჩანაწერებს კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ სიმპათიების დასაფიქსირებლად იყენებს ძალიან ცუდია.
“მოსასმენი აპარატურა არსებობს. “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დევს ეს აპარატურა თუ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელშია ეს უნდა გაირკვეს. როდესაც კონკრეტული ტელევიზია ამას იყენებს იმისათვის, რომ პოლიტიკური ძალისადმი თავისი სიმპატიები კიდევ ერთხელ დააფიქსიროს – ეს არასწორი და ძალიან ცუდია. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ამ ხელისუფლებას ჯოჯოხეთს ვერავინ ვერ მოუწყობს. 9 წლიანი ჯოჯოხეთური მმართველობა ქვეყანაში დასრულდა და აღარასოდეს დაბრუნდება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა რამდენიმე ფარული სატელეფონო საუბრის ფრაგმენტი გამოაქვეყნა. სატელეფონო საუბრების მცირე ამონარიდები გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გაასაჯაროეს, რომელიც პოლიტიკოსებსა და ბიზნესმენების სატელეფონო საუბრებს ასახავს.
პროკურატურამ გადაცემა „განსხვავებული აქცენტების“ მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.