გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის ხელისუფლებას რაციონალურ დიალოგს ვთავაზობთ
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ როგორი ურთიერთობაც ჩამოყალიბდა რუსეთთან, მათი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სწორია. ქართული მხარე მათ რაციონალურ დიალოგს სთავაზობს.
პრეზიდენტის თქმით, ის ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს არა მისი იმიჯიდან, არამედ რუსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, დაელაპარაკება.
“შევხედოთ რუსული სახელმწიფოს პროპაგანდას ჩვენს წინააღმდეგ – ისინი ამბობენ, რომ მაინც დაგამარცხებთ, მოდით შეეჩვიეთ რეალობას, უარს თქვენს მიწაზე და მერე დავლაგდებით. ცდილობენ ჩვენს მორალურ გატეხვას მათ მიერ დანახული რეალობით. დღეს ჩვენს მხარეს არის ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ამერიკა და ევროპა და აბა ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს. რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ, ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დროს, ჩემი აზრით, არის სწორი. ჩვენ ვთავაზობთ რაციონალურ დიალოგს.
მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს,, მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში. აქედან გამომდინარე, თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, იმიტომ, რომ სწორედ ასე მელაპარაკება, მაგალითად, პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი. ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული სახელმწიფოს “ძერჟავას” ინტერესებიდან გამომდინარე და არ ითარგმნება ეს “ძერჟავას“ ინტერესები ოჯახის ინტერესებამდე. არ მიდის „ძერჟავას“ გაძლიერება მაცივრის ავსებამდე. ასე რომ, ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ ამ დიალოგს – რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს და რანაირად აისახება ეს ინტერესი რუსეთის მოქალაქეებზე და ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.