“ტატუნაშვილის საქმეზე, საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ”
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან მუშაობა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს. „არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ. ასევე, გვქონდა პარალელური სესია, სადაც მონაწილეობა მიიღო გაერო-ს მრავალმა წევრმა ქვეყანამ და გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, გამოხატეს მტკიცე პოზიცია რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგოდ. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან, როგორც პარლამენტთან, ასევე კომისიასთან, საბჭოსთან და წევრ ქვეყნებთან იმისათვის, რომ დაფიქსირდეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოზიციები და იყოს მხარდაჭერა ყველა ჩვენი პარტნიორის მხრიდან. მიმდინარეობს მუშაობა აშშ-თან, ჩვენი საელჩოებისა და მთავრობის წევრების ჩართულობით“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.