აქცია, რომლის მონაწილეებიც „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ, პარლამენტთან დღეს განახლდება
პარლამენტთან აქცია დღეს, 15.00 საათზე განახლდება. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე აქცია დღეს გამთენიისას დაიშალა. აქციის მონაწილეები კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. მათი თქმით, სამართალდამცავების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებასა და ღირსების შელახვას.
ადგილზე სიტუაციას სახალხო დამცველიც გაეცნო, რომელმაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ კლუბ „ბასიანში“ და კეფე „გალერიში“ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ კლუბებში დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს, თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი“, – აცხადებენ შსს-ში.